ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის ინფორმაციით, რაჭაში, შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ყაზახი ინვესტორები საკუთარი ინიციატივით აღარ გამოდიან. როგორც გიორგი ჯახუტაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, სამწუხაროდ, შოვში საინვესტიციო პროექტების პერსპექტივა გაურკვეველი დროით გადავადდა.
„ყაზახური ინვესტიციებით შოვის კურორტის განვითარებაში $140 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა. ჩვენი მიზანი და როლი ამ პროექტის განხორციელებაში იყო შოვში ძირითადად სამი მსხვილი მიწის მესაკუთრის ყაზახური და ქართული ბიზნეს-ჯგუფის მიწის რესურსზე დაყრდნობით, გენერალურ გეგმით გათვალისწინებული 4-სეზონიანი კურორტის განვითარება. პროცესი დაგეგმარების ბოლო ეტაპზე იყო. გენგეგმა შეთანხმებული იყო, უკვე არქიტექტურულ ნაწილზე გადავდიოდით და მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები უსაფრთხოებასა და სხვა ძირითად კომუნიკაციებთან დაკავშირებით“, - ამბობს ჯახუტაშვილი.
მისი თქმით, შოვში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ინვესტორების გარდა, ახლა არც მიწის მესაკუთრეებს აქვთ კონკრეტული გეგმა.
„ყველა ველოდებით რას იტყვიან ექსპერტები. ჩვენი ინფორმაციით, საერთაშორისო დონის ექსპერტები არიან დაქირავებული. ველოდებით რა დასკვნას დადებენ იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც თეორიულად შესაძლებელია შოვში იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაველოდებით სახელმწიფოს პოზიციას, თუ რამე რისკები იქნება, პრევენციისთვის რა ღონისძიებას გაატარებენ და შემდგომ ჩვენ დავიწყებთ ამ ყველაფრის ანალიზსა და ფიქრს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამწუხაროდ აღნიშნული კურორტის პერსპექტივა გაურკვეველი დროით გადავადდა“, - ამბობს ჯახუტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შოვის განაშენიანების გენგეგმა 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა. ყაზახი ინვესტორები კურორტის განვითარებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებას 2024 წლიდან აპირებდნენ.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
იგივე თემაზე:
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა