დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეზობელ ქვეყნებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ - საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს პრეზიდენტი

მეზობელ ქვეყნებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ - საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს პრეზიდენტი

17-07-2024 14:00:00

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს წევრების მაგალითზე საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთებისა ტრანსპორტირების მაჩვენებელი გაზრდილია. როგორც Business Insider Georgia-სთან GIRCA-ს პრეზიდენტმა გია წიფურიამ განაცხადა, დასავლეთ ევროპის მიმართულებით ზრდა 7%-ია, შუა აზიის მიმართულებებზე კი საშუალოდ 15%-იანი ზრდაა. ხოლო რაც შეეხება რუსეთს და ბელორუსიას აქ დაახლოებით 10%-იანი ვარდნაა. 

გია წიფურიას თქმით, ასოციაციის წევრები კომპანიები საკმაოდ კონკურენტუნარიანები არიან და ამ ფონზე ე.წ. მესამე ქვეყნის გადაზიდვები იზრდება, შესაბამისად იზრდება სერვისის მოცულობაც. 

„ჩვენ (ასოციაცია) ექსპორტის შემთხვევაში ტვირთები გაგვაქვს როგორც საქართველოდან ისე სომხეთიდან. ხოლო რაც შეეხება შუა აზიის მიმართულებით გადატანილ ტვირთებს, დაახლოებით 25%-ი თურქეთიდან განხორციელებული გადაზიდვებია. 

ავტოტრანსპორტის მიმართულება ჩვენს ქვეყანაში უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე სხვა დარგები. სამწუხაროდ ასეთი დისბალანსი გვაქვს. შესაბამისად, მეზობელ ქვეყნებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ და სწორედ ამიტომ ტვირთს ვიღებთ ამ ქვეყნებიდან და მიგვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში“, - ამბობს საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საერთაშორისო მიმოსვლაში მყოფი სატვირთო ავტომობილების პარკი სომხეთზე 10-ჯერ მძლავრია. იმავდროულად GIRCA-ს წევრები მულტიმოდალურ გადაზიდვებშიც აქტიურად არიან ჩართულები. 

„საქართველო უკვე საკმაოდ მძლავრ პოტენციალის მქონე ქვეყნად მოიაზრება, საერთაშორისო მიმოსვლაში გვყავს 15 ათასი ავტომობილი. მაგალითისთვის, 10-ჯერ უფრო მძლავრი ვართ, ვიდრე სომხეთი“, - ამბობს წიფურია.

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA  წარმოადგენს კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების არაკომერციულ,  ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტით ახორციელებენ სატვირთო და (ან) სამგზავრო გადაზიდვებს, ასევე აერთიანებენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ  აღნიშნული გადაზიდვების განვითარებაში.

GIRCA  შეიქმნა 1992 წლის 31 მარტს 14 სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით  და ამჟამად აერთიანებს 300 მეტ საავტომობილო გადამზიდავ კომპანიას.

1992 წლიდან ასოციაცია «GIRCA» შედის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU, შვეიცარია) შემადგენლობაში და ასრულებს საგარანტიო გაერთიანების ფუნქციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები