ვიქტორ ყიფიანი
„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე
დაბრუნება პოლიტიკურ ეკონომიკაში?
„მესამე ქვეყნების“ გეოპოლიტიკური კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ცალკეულმა გლობალურმა მოთამაშეებმა ახალ მიდგომად დაამკვიდრეს შეღავათიანი ეკონომიკური ჟესტებით თუ სხვა ანალოგიური ნიშნით დასაჩუქრება. აღსანიშნია, რომ „მესამე ქვეყნებიც“ ამით არანაკლები წარმატებითა და მოქნილობით სარგებლობენ. ამგვარად, აღზევებულ „რეალიზმს“ ახლა უკვე დაუფარავი მატერიალური ინტერესით ნაკარნახევი გეოპოლიტხელწერა შეემატა. პრაქტიკულად, საერთაშორისო სისტემა ფარული ტრანზაქციონალიზმიდან ღია აღებ-მიცემობის ფაზაში გადავიდა. ამ ტენდენციამ თითქოსდა შეუქცევადი ხასიათი შეიძინა და, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ერთგვარ ნორმად დამკვიდრდეს, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ არის დამკვიდრებული.
ამ გაგებით, ნიშანდობლივია გლობალურ ურთიერთობათა აღმოცენებად (უ)სისტემ(-ობ)აში ე.წ. გლობალური სამხრეთის კვაზი–ავტონომიურ პოლუსად ჩამოყალიბების მცდელობა. საკითხზე წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი გამოვყოფთ ამ კვაზიავტონომიურობის ერთ დამახასიათებელ ნიშან-თვისებას - კონკრეტულ და გასაგებ ეკონომიკურ სარგებელს, როგორც საგარეო-პოლიტიკური მოქმედების მიზანშეწონილობის საზომს.
სწორედ ამ ახალი ტრენდის ანარეკლია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია გაერთიანებული ერების ფორმატში 193 ქვეყნიდან, მართალია, 141 ქვეყანამ დაგმო, მაგრამ მოსკოვის მიმართ სანქციებს მხოლოდ 33 მათგანი შეუერთდა. კიდევ უკეთესად საილუსტრაციოდ, დაახლოებით ამდენივე ქვეყანა აწვდის უკრაინას ლეტალურ იარაღს, მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო, რომელშიც გლობალური მოსახლეობის ორი მესამედი ცხოვრობს, თავს იკავებს ამა თუ იმ ფორმით სამხედრო დახმარებისაგან. ამ ციფრების კონსტატირება სულაც არ ნიშნავს არითმეტიკული პარამეტრით სიმართლის გაზომვის მცდელობას. არამც და არამც. ეს ციფრები მხოლოდ რეალობისათვის თვალის გასწორების მოწოდებაა ჩვენი, როგორც მცირე ქვეყნის გადმოსახედიდან.
შექმნილ ვითარებაში სარფიან სვლებს არც ის ქვეყნები იუარებენ ხოლმე, რომელთა პასუხისმგებლობა გლობალურ წეს-წყობაში მცირე ქვეყნებზე და თუნდაც რეგიონალურ ლიდერებზე გაცილებით მეტია. არ თაკილობენ მაშინაც, როცა საკუთრივ საშინაო პოლიტიკური სისტემა თუ საგარეო კავშირი მათ ამის მორალურ უფლებას, თითქოსდა, არ უნდა ანიჭებდეს. ნათქვამის კარგი ილუსტრაციაა თანამედროვე ინდოეთი, რომელმაც გეოპოლიტიკური ხაზი ღიად გაამართლა მერკანტილურ-ეკონომიკური სარგებლით (ინდოეთის „ბალანსირების აქტი“) და რაც მკვეთრად დისკონტირებული რუსული ნავთობის შესყიდვების მინიმუმ გასამმაგებით გამოიხატა.
ყოველივე ზემოთქმული გვიჩვენებს, რომ მიმდინარე პროცესები ვერ შემოიფარგლება „დემოკრატიის ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლით“, რადგან ეს მხოლოდ ამგვარი ახსნა-ანალიზის დავიწროების, პროგნოზირებისას ახლომხედველობისა და, შედეგად, პოლიტიკის ქმნაში შეცდომების მომასწავებელია. ფაქტია, რომ თანამედროვე ეტაპი ე.წ. „უნაშთო ინტერესების“ პოლიტიკას გვთავაზობს და ეს რეალობა საღად და მშვიდად არის ასათვისებელი. ქართული მიდგომა შესატყვის ადაპტირებადუნარიანობას საჭიროებს დასახული ამოცანის - მეტი ეროვნული უსაფრთხოების, მეტი ეკონომიკური სიკეთის - მისაღწევად.
უარი პოლიტიკაში შავისა და თეთრის კონტრასტზე...
იდეოლოგიზმებით გამოწვეული კონტრასტები, რომლებიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში დასავლურ პოლიტიკას ახასიათებდა, თუ არ დასრულდა, მნიშვნელოვნად გადაფასდა. იმ ნიშნების მიხედვით, რომლებიც დღეს გამოიკვეთა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ „უკიდურესობიდან უკიდურესობაში“ გადავარდნის მიდგომა სტრეს-ტესტს დაექვემდებარა, რასაც რამდენიმე წარუმატებელმა სამხედრო კამპანიამ და პოსტკოვიდური ეკონომიკის მარწუხებმა შეუწყო ხელი. ხოლო საგარეო არენაზე აქტიურ როლსა და საშინაო საჭიროებებს შორის სწორი არჩევანის გასაშუალოება გარდაუვალ დილემად იქცა.
ასეთი სწორი შუალედის პოვნაზე დასავლურ წყაროებში საკმაოდ ცხარე დისკუსია მიმდინარეობს; გამოითქმის მრავალი მოსაზრება თუ რეკომენდაცია; ისმის კრიტიკა, ზოგჯერ - რადიკალური მოწოდებების თანხლებითაც. პრობლემის ღერძი კი მაინც ისეთი ამოცანაა, როგორიც არის საშინაო ეკონომიკურ-საზოგადოებრივი მედეგობისა და განვითარების შენარჩუნება ისე, რომ მას საგარეო ურთიერთობათა სისტემაში საკუთარი წონადი პოზიციონირების საჭირო რესურსი არ მოაკლდეს. ამ ეტაპისათვის დაგროვილი გამოწვევების ფონზე, ეს განტოლება (თუ ბალანსი) არცთუ იოლი ამოსახსნელია. მაგალითისათვის, კვლავ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას მოვიყვანთ, რომელიც, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებით, სხვა ქვეყნებთან სიტუაციურ თუ ტაქტიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს ან, თუნდაც, პრეზიდენტ მაკრონის განცხადებას აფრიკაში საფრანგეთის მხრიდან „ბალანსირებული პარტნიორობის“ წარმოების მიზანშეწონილობაზე.
ერთი სიტყვით, პოლიტიკური ხაზის დეკლარირებული რევიზია დასავლეთის მიერ იმის აუცილებლად გააზრებას განაპირობებს, რომ: (1) სხვა ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და (2) ისინი შესაძლებელია ყოველთვის არ ემთხვეოდეს დასავლეთის ინტერესებს. ასეთი საგამონაკლისო წესი რამდენიმე ცალკეული ქვეყნის მაგალითზე უკვე ვახსენეთ, რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები რევიზიონისტები არიან ან დასავლეთის საბოტირებას მიჰყვეს ხელი: თავიანთი გეოგრაფიულ-გეოპოლიტიკური თუ ისტორიულ-კულტურული სპეციფიკისდა გამო, პრაქტიკული პოლიტიკის ქმნაში ისინი უბრალოდ თავისებურ, მათთვის აუცილებელ ხელწერას ინარჩუნებენ.
ამდენად, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში (მათ შორის, პარტნიორებისა) გულწრფელი კომუნიკაციისა და რეალური საქმის თვალთმაქცობის გარეშე კეთებისათვის საჭიროა მინიმუმ: (1) მკაფიოდ გვესმოდეს რა არის ჩვენი და შემხვედრი ინტერესები, (2) ამ ინტერესების კვეთის ფონზე შეგვეძლოს საერთო პრიორიტეტების განსაზღვრა და (3) გვქონდეს უნარი, გულახდილად ვთქვათ, რის მიღწევაა ერთობლივად შესაძლებელი, ხოლო რისა - შეუძლებელი.
საჯარო ოპტიმიზმი და კულუარული პესიმიზმი?
გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის აგრესიის განახლება, ერთი მხრივ, აგრესორის დასამარცხებლად საჯაროდ გამოვლენილ უზარმაზარ პრაქტიკულ ძალისხმევასა და, მეორე მხრივ, ამ ძალისხმევის სუბიექტთა შორის კავშირის სიმტკიცის გამოცდაა. ასეთ სიმტკიცეს, დღესდღეობით, სხვადასხვაგვარად აფასებენ და ეს მხოლოდ დასავლურ სანქციებს არმიერთებულ ან „ბალანსირების“ რეჟიმში მყოფი ქვეყნების პოზიციით არ არის განპირობებული.
აქ, ცხადია, უმთავრესი ამოცანა არის, რომ შეუვალი ერთობა წინ აღუდგეს რუსულ სამეზობლოში საერთაშორისო სამართლის ნორმათა გათელვას და ერთიანი სტანდარტით, ურყევი ნებითა და შედეგზე ფოკუსირებული ქმედებებით ერთი დიდი „ვალის“ სრულად (და არა სანახევროდ) გადახდას - გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების ვაკუუმში მოქცეული ქვეყნების ამ ვაკუუმიდან გამოყვანას შეუწყოს ხელი.
ხოლო რაც შეეხება აგრესორს, მისი მთავარი გათვლაც ხომ მისკენ მიმართულ ერთობაში ნაპრალების მოძებნა და მეთოდური გაღრმავებაა; იგი ხომ სიმტკიცეს უსინჯავს ცივი ომის შემდგომ კომფორტს მიჩვეულ თაობებს, რომლებმაც ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა სამუდამო მოცემულობად ჩათვალეს; ადამიანური სიცოცხლის გაუფასურებით კი ცდილობს დააკომპლექსოს „კონსუმერიზმით“ ნასაზრდოები ევროპელი „ბიურგერი“ და მისი ნებელობა განაიარაღოს; საბრძოლო ველზე სწრაფი წარმატების ვერ მოპოვებით იგი სხვა - გაჭიანურებული, საომარი კონფლიქტის საფეხურებრივად ზრდის ტაქტიკას მიმართავს და ამგვარად, ისევ ადამიანური სიცოცხლის გაუფასურების ხარჯზე, მის ფსიქოლოგიურ განწყობაში საჭირო გარდატეხას ცდილობს. ამავდროულად, თავისივე შიდა პოლიტიკური სისტემის ავტოკრატიულობის პირობებში საზოგადოებრივი აზრის გავლენის სიმცირე (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს) აგრესორს არანაირ შეფერხებას არ უქმნის ექსპანსიონისტური პოლიტიკის საწარმოებლად. დროც, მისივე გათვლით, მასზე მუშაობს და კონფლიქტის გაჭიანურებას მაქსიმალურად შეეცდება სწორედ, რომ ზემოხსენებული ერთობის თანდათანობითი და საბოლოო ჩამოშლის მიზნით.
ზემოხსენებული ამოცანის გადაჭრა, ცხადია, არ არის მარტივი. პირველ ყოვლისა, უნდა დაიჯერო, რომ შეგიძლია და ხელგეწიფება და რომ საკითხის სანახევროდ გადაჭრა ან დახანება, ან თუნდავ დროში გადანაწილება, ამოცანას ბევრად დაამძიმებს. შესაბამისად, საჯაროდ დეკლარირებული მიზნების აღსრულებას რეალიზმზე აღმოცენებული პოლიტიკური განწყობაც სჭირდება. გარკვეული მერყეობა საჭირო განწყობების მობილიზებაში პერიოდულად იჩენს თავს. რამდენიმე შესატყვისი მაგალითი ევროატლანტიკური გაერთიანების რიგებშიც მოიძებნება, სადაც საფრთხეებისადმი დამოკიდებულება მათ აღქმასა და შეფასებაში განსხვავებულობითაც აიხსნება ხოლმე. ეს, თავის მხრივ, როგორც საფრთხის წყაროსაგან გეოგრაფიული დაშორებით, ისე მასთან ისტორიული კავშირებითა თუ საქმიანი-სავაჭრო კონტაქტების ინტენსივობით (პოლიტიკური ეკონომიკის გავლენით?) განისაზღვრება. მეტიც: აღნიშნულ კონტექსტშიც კი, ბოლო ხანია, ისეთი „საგანგებო ქეისების“ შესახებ ვისმენთ, რომლებიც სულაც ცალკე საგანგებო გარჩევას მოითხოვს. მაგალითისათვის, აშშ-ში რესპუბლიკელთა რიგებში უკრაინაში ომისადმი ისეთი განწყობები შეიმჩნევა (იქნება ეს წარმომადგენელთა პალატის დონეზე თუ 2024 საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში), რომლებიც, არცთუ იშვიათად, თანხვედრაში არ არის თეთრი სახლის დემოკრატ ბინადართა მიერ დეკლარირებულ კურსთან. აქ თუნდაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატის - რონი დესანტისის განცხადება რად კმარა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი „ტერიტორიული დავის“ კატეგორიამდე დაიყვანა.
უახლოესი დრო გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა სისტემა დროულ ადაპტირებას, თვალთმაქცობისაგან საბოლოოდ გათავისუფლებას და არსებული საფრთხეების სამართავად სათანადო გადაწყობას. ეს ხომ, გარდა საერთაშორისო უსაფრთხოების მომავლისა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება, მის ადეკვატურად გამართვას და მიმდინარე პროცესებთან სათანადო მისადაგებას.
„ქართული ჩანიშვნები“
უკრაინაში რუსული აგრესიის განახლებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი არა მარტო 1945 წლის შემდგომ გლობალური უსაფრთხოების სისტემას, არამედ ასევე მის ნაირსახეობას - ცივი ომის შემდგომ სტრუქტურას. საერთაშორისო წესრიგი, უარეს შემთხვევაში, „უწესრიგო წესრიგად“, ხოლო უკეთეს შემთხვევაში კი ჰიბრიდულ წესრიგად გადაიქცა. ამგვარი ჰიბრიდულობის ერთ-ერთი ნიშანსვეტია უსაფრთხოების სფეროში ბლოკების შექმნის მცდელობა რეგიონალური ნიშნით (ე.წ. „რეგიონალური დაქსელვა“). სავარაუდოდ, ამავე ტენდენციის თავისებური გამოძახილია იმ ქვეყნების რაოდენობის ზრდა, რომლებიც „ბალანსირების“ პოლიტიკას მისდევენ - სამხედრო კონფლიქტთან მიმართებით ერთ-ერთი მხარის მკვეთრად დაჭერის არიდებას რეგიოაალურ დონეზე მეტი კოოდინაციით. ამავე ტენდენციით აიხსნება მზადყოფნა ისეთი მსხვილი გლობალური აქტორისა, როგორიც არის აშშ, მოკლე და საშუალოვადიანი მიზნების მისაღწევად იმუშაოს არა მხოლოდ ტრადიციულ მოკავშირეებთან, არამედ ამორფულ „საშუალო ძალებთან“.
შექმნილ ვითარებაში ოფიციალური თბილისისათვის ამ ეტაპის დღის წესრიგში მოსააზრებელია: (1) სამყაროსათვის იდეალისტურ პრიზმაში ცქერის სტერეოტიპზე საბოლოოდ უარის თქმა, (2) ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ფორმირებად გლობალურ „ალტერნატიულ წესრიგში“ ქართული „მეტი უსაფრთხოების“ გადაწყვეტის არაორდინალური გზების ძიება, (3) მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინაციით ექსპერიმენტული მოდელების იდენტიფიცირება და პრაქტიკული ასპექტების დაჩქარებული წესით განხილვა.
ამასთანავე - იდეალიზმზე წერტილის დასმის ნიშნით - ქართულ მხარეს უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჰეგემონი ყოველთვის თავისი ბუნების ერთგული იქნება; რომ „დიდი ქვეყანა“ აპრიორში ვერ იქნება „ჩვეულებრივი“, ვინაიდან ეს მისი გლობალური ჰეგემონური გავლენისა და არსის საპირისპიროა. შესაბამისად, ჯანსაღ ინტერესთა სწორი თანწყობა, დომინანტურ ძალებთან თვალთმაქცობისა და უსარგებლო პოზირების გარეშე თანაარსებობა, მისაღებ „გავლენებში“ მოქცევა - ჩვენი განვითარებისათვის ერთ-ერთი წინაპირობაა. ჰეგემონიაზე საუბრისას ერთი დათქმაც ჰეგემონიის არსის უკეთ გასაგებად: იქ, სადაც „ჰეგემონია“ მისი მხრიდან რბილი ძალით განპირობებულ რეპუტაციულ გავლენას და მისდამი გასაგებ მიზიდულობას გულისხმობს, „იმპერიალიზმი“ საკუთარი გავლენის სხვებზე ძალით მოხვევას ნიშნავს. ეს არის პრინციპულ განსხვავება, რაც ქართულ მხარეს უნდა ახსოვდეს, რასაც უნდა ითვალისწინებდეს, საღად და რაციონალურად აფასებდეს.
რეგიონთან მიმართებით კი, ვფიქრობთ, რომ ქართულმა საგარეო პოლიტიკამ ყველა დასაშვები და შედეგზე ორიენტირებული კარი ღია უნდა დატოვოს. სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი აქცენტი „ვაჭრობის გზით სტაბილურობის“ მიღწევაზეა გასაკეთებელი. ასეთი მოქნილობა და პრაგმატულობა, ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებსა და პარტნიორებსაც გაუიოლებს რეგიონში უკეთ შეღწევას, დამკვიდრებასა და მოძლიერებას: რეგიონში, სადაც „გავლენის სფეროებით“ ოპერირება ჯერ კიდევ აქტუალურია და განჭვრეტად მომავალშიც ასეთი იქნება.
ერთი სიტყვით, ქართული ულტრა-რეალისტური, არასენტიმენტალური პოლიტიკის დროა. ამგვარი პოლიტიკის პირობებში იდეოლოგიური კლიშეებისაგან თავისუფალი ესა თუ ის ქმედება მხოლოდ ეკონომიკურად გასაგები სარგებლითა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მისაღები ურთიერთობებით უნდა განიზომოს.
იხილეთ „მეტი რეალიზმი, ნაკლები თვალთმაქცობა: საქმით თანამშრომლობა სიტყვით პოზირების ნაცვლად“ (პირველი ნაწილი) მეტი რეალიზმი, ნაკლები თვალთმაქცობა: საქმით თანამშრომლობა სიტყვით პოზირების ნაცვლად (პირველი ნაწილი) (businessinsider.ge)
უახლესი
5 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი