კაკაბეთის მარანი • Kakabeti Cellar ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ობიექტია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში მდებარე საოჯახო მარნის მფლობელი მასურაშვილების ოჯახია, სადაც სამეწარმეო საქმიანობაში ოჯახის თითქმის ყველა წევრი მონაწილეობს. საოჯახო მარანი 35 წელზე მეტს ითვლის, თუმცა ბიზნესის სახით მან ოპერირება დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო და მიმდინარე სეზონზე ყურადღება მაღალი დონის მასტერკლასებით მიიქცია.
კომპანიას სათავეში მეწარმე ნანა მასურაშვილი უდგას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ყველა პროცესში, რომელიც კაკაბეთის მარნის ტურისტულ საქმიანობას უკავშირდება, მათ შორის, ვენახის მოვლის და ღვინის დაყენების პროცედურას, რაც საოჯახო მარანს ასევე გამოარჩევს.
როგორც ნანა მასურაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, კაკაბეთის მარანი მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეულია მასტერკლასები, რასაც ინტენსიურად ატარებენ და ყოველთვის მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.
,,სანახაობრივად ძალიან მრავალფეროვანი მომსახურება გვაქვს. მაქსიმალურად კომფორტული გარემო გვაქვს შექმნილი. მარანში დაცული გვაქვს ეთნოგრაფიული ნივთები, დოქები, ქვევრები და სხვა, ძველებური ხასიათით გამორჩეული, საინტერესო კოლექციაა. ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ ისე, რომ ძველი ავთენტური იერსახე მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. კაკაბეთის მარნის ეკოტურისტული ობიექტი დიდი ხნის მეღვინეობის ტრადიციას ინახავს, ბიზნესის სახე დაახლოებით 2 წლის წინ მიეცა. შესაბამისად, ჩვენი გამოწვევაა, პოზიციები განვამტკიცოთ და კუთვნილი ნიშა დავიკავოთ, უფრო მაინც მასტერკლასების მიმართულებს გაძლიერებაზე ვმუშაობთ, რაზეც დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უყვარს სიმშვიდე, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, გემრიელი კერძები და საუკეთესო ღვინო“, - ამბობს ნანა მასურაშვილი.
,,კაკაბეთის მარანი“ ამ ეტაპზე სტაბილურად 4 ადამიანს ასაქმებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი