დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,მარტვილის მარანი" საკოლექციო ვენახის გააშენებსა და ტურისტული კომპლექსის შექმნას გეგმავს

,,მარტვილის მარანი" საკოლექციო ვენახის გააშენებსა და ტურისტული კომპლექსის შექმნას გეგმავს

07-11-2023 17:00:31

„მარტვილის მარანი“  საქართველოს ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეულმა ღვინო  ყურადღება მალევე მიიქცია.

„მარტვილის მარნის“ დამფუძნებელი  დღეს ღვინის წარმოების ტურისტული კომპლექსის ჩამოყალიბების გეგმაზე მუშაობს. 

როგორც ,,მარტვილის მარნის" დამფუძნებელი ზაზა გაგუა Business Insider Georgia- თან ამბობს, გეგმაშია სრულმასშტაბიანი წარმოების შექმნა, რაც ღვინის ტურიზმის კონცეფციას გულისხმობს, სამომავლოდ კი სასტუმროს განვითარების გეგმაზე იმუშავებენ.

„მევენახეობისთვის ყველაზე რთული წელია. რაოდენობაში მოსავალი ცოტა ნაკლები იყო, რის გამოც  დაახლოებით 20%-ით  შეგვიმცირდა წარმოება. 11 000 ბოთლს ვაწარმოებდით და მიმდინარე სეზონზე ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ. თუმცა ბრენდის განვითარების გეგმაზე მუშაობას ვაგრძელებთ. გვინდა სრულმასშტაბიანი წარმოება შევქმნათ - ღვინის ტურიზმი კონცეფცია დავხვეწოთ, რაც მოიცავს ასევე რესტორანსა და განთავსების ობიექტს. ამ ეტაპზე მცირე მასშტაბით ვმასპინძლობთ და ამ მიმართულებას განვავითარებთ", - ამბობს ზაზა გაგუა.

რაც შეეხება წარმოებას, „მარტვილის მარანში“  ძირითადად დასავლური ჯიშების ღვინოებს  ამზადებენ, როგორიცაა  ,,ოჯალეში“, „ორბელური ოჯალეში“, „ციცქა“, „ცოლიკაური“, „კრახუნა,“ „ალადასტური“, „კუნძა“, „კახური მწვანე“ და სხვა. 
,,საქართველოში მეგრელი ღვინო ოდითგან განთქმული იყო. ჩვენ დაახლოებით 11 წლის წინ დავიწყეთ წარმოება და ნელ-ნელა ვაფართოებთ. ამჟამად გვაქვს 3 ათასი ჰექტარი, სადაც გაშენებული გვაქვს ძირითადად დასავლური ჯიშები, რომელთაგან მთავარი ,,ოჯალეშია".  

გვინდა საკოლექციო ვენახი გავაშენოთ.  დასავლეთ საქართველოს ყურძნის მივიწყებული ჯიშები გავაცოცხლოთ. გეგმაშია სერტიფიცირებული  სანერგე მეურნეობის გაშენებაც, რის შესაძლებლობაც დიდია ჩვენს სოფელში.  ვცდილობთ, მეღვინეობის  ტრადიცია გავაგრძელოთ და ახალი ტექნოლოგიები შემოვიტანოთ წარმოებაში", - ამბობს ზაზა გაგუა.

როგორც წარმატებული მეღვინე აღნიშნავს, ,,მარტვილის მარნის" წარმოება  ბაბუის ხსოვნასა და სიყვარულს, მეორე მხრივ კი მეგრული ღვინის ტრადიციის აღდგენის სურვილს დაუკავშირა.

ღვინო საშუალო და მაღალი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი და თითო ბოთლის ფასი საშუალოდ 50-100 ლარის ფარგლებშია. გაცილებით ძვირი ღირს ნიშურ მაღაზიებსა და რესტორნებში.

ცნობისთვის, ,,მარტვილის მარანი" სოფელ თარგამეულში მდებარეობს. კომპანია სტაბილურად 5 ადამიანს ასაქმებს, სეზონზე კი დამატებით 15 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები