დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ასოციაციის წევრების ნაწილი სავაჭრო ქსელებში „ღამის დისტრიბუციას“ ემხრობა, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი თბილისის მერიის თანამონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე ვერ გადაწყდება.
„ასოციაციაში არიან წევრები, რომელთათვისაც ღამის დისტრიბუცია მარტივია. თუმცა ნაწილი ამ იდეას არ ემხრობა, რადგან სავაჭრო ობიექტები ძირითადად დღის განმავლობაში მუშაობენ. სტატისტიკით, სავაჭრო ქსელების დაახლოებით 10% მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, - ამბობს ივა ჭყონია.
ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციამ პარტნიორ ქსელურ ობიექტებში გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც პრობლემები გამოიკვეთა.
„სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როდესაც ღამის დისტრიბუციას ქსელებში პროდუქცია მიაქვს, ამ ფაქტს ღამის საათებში ხმაურის გამო მოსახლეობა აპროტესტებს, რადგან გარკვეულ დისკომფორტს აწყდება“, - ამბობს ჭყონია.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიდერლანდების მაგალითს განიხილავს.
„მაგალითად ნიდერლანდებში, ღამის დისტრიბუციისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი მაღაზიებთან, სადაც ხმის დამხშობი ბარიერებია. რა თქმა უნდა „ღამის დისტრიბუციის“ თემა მოლაპარაკების საგანია, მთავარია თბილისის მერიისა და სავაჭრო ობიექტების მზაობა, რადგან ამ პროცესის მათი ჩართულობის გარეშე დაწყება წარმოუდგენელია. სხვა შემთხვევაში ეს ისევ უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე“, - ამბობს ჭყონია.
ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2022 წლის ნოემბერში თბილისის მერიას მიაწოდა თბილისში იმ ადგილების სია, სადაც სადისტრიბუციო მანქანებისთვის შეუფერხებელ პარკინგს ითხოვდა.
„ეს იყო 550 ადგილი. დამატებით უნდა მიგვეწოდებინა ახალი სია, თუმცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ 130 ლოკაცია დაკმაყოფილდა, მეტის გამოყოფა ვერ შეძლეს.
ეს პრობლემატური საკითხია ჩვენთვის და მერიაში უნდა გაიზიარონ ევროპული პრაქტიკა.
კერძოდ, ევროპის ქალაქებში შესაძლებელია, სადისტრიბუციო კომპანიების ავტოტრანსპორტის გაჩერება მანიშნებლის გამოყენებით, შესაბამისი სტიკერითა და ჰოლოგრამით, რომელიც ავტომობილზე იქნება დატანილი, რათა არ დაჯარიმდნენ“, - ამბობს ჭყონია.
უახლესი