სათხილამურო სპორტი ევროპაში „ლაქშერი“ გახდა, მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს შანსი, რომ ამ კუთხით მსოფლიოს სათხილამურო კურორტების რუკაზე მოინიშნოს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ განაცხადა.
„როდესაც საქართველოში სათხილამურო სპორტში ჩემპიონატები ტარდება ეს იმის მანიშნებელია, რომ კურორტის ინფრასტრუქტურა გამართულია და ასევე არსებობს ამ ტიპის სპორტისთვის საჭირო პირველადი დახმარების ჯაჭვი. ასევე არსებობს სასტუმროები, თორემ ასეთ კურორტებზე ჩემპიონატები არ გაიმართებოდა. ამ ტიპის ჩემპიონატები ზამთრის კურორტებზე ტურისტების მიზიდულობის ცენტრს ქმნის“, - აცხადებს ჩეხერია.
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მაღალი მოთხოვნა სტანდარტს გააუმჯობესებს და საქართველოს სამთო კურორტებს სულ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა და განვითარდება „ლაქშერი ტურიზმი“ .
„სვანეთი და მაღალმთიანი აჭარა, გვაქვს საინტერესო კურორტები, სადაც სასრიალოდ ჩასვლას ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს. პირველ რიგში გვჭირდება ის, რომ სწრაფად დაუკავშირდეთ ამ ქალაქებს. ეს იქნება ფრენა თუ სწრაფი მატარებელი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
აჭარას ძალიან ეხმარება ბათუმის, ხოლო სვანეთის შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტი. თუმცა სათხილამურო სპორტს უფრო „ლაქშერი მომხმარებელი“ ჰყავს და ბიუჯეტურ ავიახაზებს ნაკლებად იყენებს და აქედან გამომდინარე საჭიროა ბევრი შეთავაზება და ბიზნესმაც უნდა დაინახოს ის პერსპექტივა, რომ რადგან ეწყობა ჩემპიონატი აქტივობა გაიზრდება და ამიტომ უნდა იყოს გამართული რესტორნები, სასტუმროები.
საკმაოდ კარგად მუშაობს ფესტივალები, როდესაც არ არის მაღალი ტურისტული სეზონი, კურორტი უნდა დაიტვირთოს და არ იყოს მხოლოდ ორ თვეზე ბიზნესის გათვლები გაკეთებული“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
უახლესი