დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,ლომისკარელის“ პირველი ოქრო WinExpo-ზე - რა გეგმები აქვს კომპანიას

,,ლომისკარელის“ პირველი ოქრო WinExpo-ზე - რა გეგმები აქვს კომპანიას

06-06-2023 15:00:17

 

ღვინის ქართული ბრენდი, ,,ლომისკარელი“ ფაქტობრივად ახლა ყალიბდება. კომპანია 2 წლის წინ დაფუძნდა, თუმცა წარმოება სულ ახლახან წამოიწყო და WinExpo Georgia 2023-ის ფარგლებში გამართულ კონკურსში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

„ლომისკარელის“ ღვინომ 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი, მეღვინე ლაშა ბიბილაშვილი ამბობს, წარმოების გაფართოებას და ევროპაში გასვლას გეგმავენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ლომისკარელი“ ძირითადად ჰორეკა სექტორში გაიყიდება.

„კომპანიამ ახლახან დაიწყო წარმოება და ბაზარზე არავინ გვიცნობდა. კონკურსში გამარჯვებამ ამ მხრივ დიდი შანსი მოგვცა, ღვინის მოყვარულმა საზოგადოებამ გაგვიცნო, დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქციით, რაც დიდი სტიმულია. სამომავლოდ ვაპირებთ ექსპორტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამისთვის მზად ვიქნებით, დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი გამიჭირდება, ძირითადად ახლა ვიწყებთ გაფართოებას, ბოლომდე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული. ქართულ ბაზარზე ჰორეკა სექტორი იქნება ძირითადი მომხმარებელი, ექსპორტზე სწორება უფრო ევროპაზეა, ხარისხზე გვაქვს აქცენტი, ამ გზას არ გადავუხვევთ, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ და თამამად მივიწევთ მიზნისკენ, იმედია გამოგვივა“, - ამბობს ლაშა ბიბილაშვილი.

ამ ეტაპზე ,,ლომისკარელის“ ბრენდით იწარმოება: საფერავი კახეთის სხვადასხვა რეგიონიდან, ცოლიკაური ლეჩხუმიდან, ჩინური და თეთრი პინო ქართლიდან. იგეგმება ასორტიმენტის ზრდაც - მიმდინარე სეზონზე წარმოებაში ,,ცქრიალაც“ დაემატება.

2021 წელს სვიმონიშვილების ოჯახის მიერ დაარსებული მეღვინეობა „ლომისკარელი“ მდებარეობს გარდაბანში, ქვემო ქართლის რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის კომერციული პროექტი და ემსახურება 10 წლიან პერსპექტივაში საქართველოს მასშტაბით მევენახეობის ზონებისა და ნიადაგების შესწავლას, საუკეთესო ყურძნის ჯიშების გამოვლენასა და ღვინის დავარგების ინოვაციური გზების პოვნას.

„საბოლოო მიზანი კი უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის შექმნაა, რომელიც თამამად წარადგენს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე. მიუხედაცად იმისა, რომ „ლომისკარელის“ კოლექციაში წარმოდგენილია, ძირითადად, ქართული ვაზის ჯიშები, კომპანია იყენებს ღვინის დაყენების ევროპულ ტექნოლოგიას, რაც გულისხმობს ახალი მუხის კასრების გამოყენებას“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები