ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი შედგა, სადაც RDYE პროექტის მეორე ციკლის 22 ფინალისტი, საკუთარი საწარმოს შექმნისა და გაფართოების მიზნით, ჯამში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ დაფინანსება მოიპოვეს.
RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.გამარჯვებულ დამწყებ თუ უკვე შემდგარ მეწარმეებს ჯილდოები გადასცეს ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელმა; ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის დირექტორმა და RDYE პროექტის დირექტორმა.
RDYE პროექტის ფინალისტების დაჯილდოების ცერემონიამ გააერთიანა, როგორც პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები, ასევე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ ახალგაზრდა მეწარმეთა მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის მონაწილეებმა გაიარეს ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამა, მოამზადეს ბიზნეს გეგმები და მონაწილეობა მიიღეს RDYE პროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტები დაფინანსდა, რაც ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს დაასაქმონ ადგილობრივი ახალგაზრდები და საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას.
„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი თავიდანვე ჩაერთო აღნიშნულ პროექტში. უკვე მესამე წელია რაც ბანკი აქტიურად არის აღნიშნული პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ნაწილი. პროექტს ახორციელებს „მერსი ქორფსი“. „ლიბერთის“ როლი პროექტში მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ვეხმარებით ახალგაზრდა მეწარმეებს, როგორც ფინანსური განათლების მიმართულებით ასევე დაფინანსების მიღების შემთხვევაში ვასწავლით როგორ წარმართონ და განავითარონ ბიზნესი.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც ხორციელდება 4 მუნიციპალიტეტში და დაახლოებით 1500 ახალგაზრდა ჩართული. პროექტი მოიცავს პირველად ტრენინგებს, მნიშვნელოვან გამოცდილებას და განათლებას ფინანსური მიმართულებით. ახალგაზრდების ნაწილი შემდეგ იღებს გარკვეულ დაფინანსებას. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკი პროექტში თავიდანვე იყო ჩართული და აქტიურად განაგრძობს პროექტის ბოლომდე მონაწილე მეწარმეების მხარდაჭერას.
მომავალშიც „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად იქნება ჩართული მსგავს პროექტებში. საკმაოდ საინტერესო პროექტები დაფინანსდა დღეს. ეს არის განსხვავებული ბიზნესები და ყველაზე მეტად რაც მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში მეწარმეებმა დაფინანსება მიიღეს ყველა რეგიონში. ეს საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ თავიანთ რეგიონებში და ასევე ადგილობრივ ლოკალურ ბაზრებზე ეს ბიზნესები მოსახლეობას საშუალებას აძლევენ, რომ დაასაქმონ ადგილობრივი ახალგაზრდები. საბოლოო ჯამში ეს ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.
„პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ 3,5 წლიანია, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია საქართველოს 18 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს მხარი დაუჭიროს სამეწარმეო კომპეტენციის განვითარებაში და ამასთანავე მხარი დაუჭიროს ფინანსურად, მათი ბიზნესების წამოწყებას ან გაძლიერებას. ჩვენ უკვე მეორე ციკლის შედეგებს ვაჯამებთ, რომლის ფარგლებშიც 22 ახალგაზრდა მეწარმე დავაფინანსეთ და ჯამურად პროექტის შედეგების თვალსაზრისით 1,5 მლნ-მდე ინვესტიცია ჩაიდო დაახლოებით 60-მდე ახალგაზრდა მეწარმის მხარდაჭერაში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დირექტორმა უჩა ვარამაშვილმა.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერი ლაშა გოგიძე აცხადებს, რომ პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ავსტრიის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი წამყვანი პროექტია, ზუსტად იმიტომ, რომ ის ემსახურება ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას რეგიონებში, სადაც მწირი განვითარების შესაძლებლობებია. „ავსტრია ძალიან განვითარებულია ამ კუთხით და ჩვენ ვცდილობთ, რომ საუკეთესო პრაქტიკები და მსგავსი პროექტები დავნერგოთ საქართველოშიც. სწორედ ეს პროექტი არის იდეალური საშუალება. პროექტი აერთიანებს ძალიან ბევრ ახალგაზრდას. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ახალგაზრდები არიან სხვადასხვა რეგიონებიდან, წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს, არიან ქალები, ეკომიგრანტები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა. მათ მიეცათ საშუალება, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ ამ პროექტის საშუალებით. ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ პროექტის მხარდაჭერას მომავალშიც და ძალიან გვინდა, რომ ეს ახალგაზრდა მეწარმეები დავაკავშიროთ ავსტრიულ კომპანიებს და ავსტრიელ მეწარმეებს, იმიტომ, რომ ავსტრიული მხრიდან ამის სურვილი და ინტერესი არის. ეს კი ხელს შეუწყობს ამ ახალგაზრდა მეწარმეების გასვლას უფრო დიდი ბაზარზე, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და არამხოლოდ ევროპის ბაზარზე შეეძლებათ ამ ახალგაზრდებს თავიანთი პროდუქციის რეალიზება, არამედ ევროპულ ბაზარზეც“, - აცხადებს ლაშა გოგიძე.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები განხორციელება რეგიონში ახალგაზრდა მეწარმეობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგანაც ეს არის ძალა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს .
„უმნიშვნელოვანეს პროექტს ვახორციელებთ ჩვენ უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად. ეს პროექტი ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობია. არათუ სოფელი არ უნდა დაიცალოს ახალგაზრდებისგან, არამედ ჩვენ ყველანი მოწოდებულები ვართ იმისათვის, რომ რეგიონებში განვითარდეს ახალგაზრდული მეწარმეობა. თითოეულ ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინოს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ განვავითაროთ ამ პროექტის მესამე ფაზა. ინტერესი არის ძალიან დიდი. გვიხარია, რომ რამდენიმე პროექტი შედგა, როგორც მდგრადი, ეკონომიკური პროექტები. დარწმუნებული ვარ შემდგომში ეს არის ძალიან კარგი მოტივაცია ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ფონდისთვის კი არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ რეგიონებში ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება განავითარონ თავიანთი უნარები.
ამ ეტაპზე ეს არის სამეწარმეო შესაძლებლობები და ბუნებრივია, რომ შემდგომ ეტაპზეც ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვადასხვა ფონდებთან, უცხოელ პარტნიორებთან, რათა ახალგაზრდებს მეტი საშუალება მიეცეთ და მეტი შესაძლებლობების ინტეგრირება მოხდეს ევროპულ ორგანიზაციასთან და ევროპულ ეკონომიკასთან. ახალგაზრდული მეწარმეობა არის ის ძალა, რომელიც დღეს და ხვალ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანენ“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობის (Mercy Corps Georgia) მიერ.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს უწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენელს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრს, ეკომიგრანტსა და იძულებით გადაადგილებულ პირს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი ხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი - რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი - გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას. ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში. „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის. ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა