„ჰეშ ბანკი“ რეალურ გარემოში გარკვეული საბანკო საქმიანობების განხორციელებას იწყებს. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №372 განკარგულებაში წერია, აღნიშნულ რეჟიმში სერვისების განხორციელებას ბანკი 6 თვისა და 10 დღის განმავლობაში განახორციელებს. გათვალისწინებით, სს "ჰეშ ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასულ წელს გასცა.
სებ-ის 2024 წლის 20 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით, ციფრულ ბანკს უფლება აქვს რეალურ გარემოში განახორციელოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
სს "ჰეშ ბანკის" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება ძირითადად ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
სს "ჰეშ ბანკი" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ( 03.11.2023) 10 თვისა და 17 დღის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ქონდა.
სს "ჰეშ ბანკისთვის" საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
ცნობისათვის "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს:
კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი:
ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა;
ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით;
გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;
დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება;
ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით);
ე1) უპროცენტო საბანკო მომსახურება;
ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე;
ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება;
თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება;
ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება;
ი1) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი2) ქონების იჯარით გაცემა;
ი3) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება;
ი4) ქონების ლიზინგით გაცემა;
კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება;
ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა