დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარმა ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და ნელ-ნელა სტაბილურ მდგომარეობას  უბრუნდება - სოსო ბერიკაშვილი

ლარმა ფსიქოლოგიურ წნეხს გაუძლო და ნელ-ნელა სტაბილურ მდგომარეობას  უბრუნდება - სოსო ბერიკაშვილი

02-11-2023 10:13:59

ეროვნულ ბანკში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს ლარის კურსზე ჰქონდა გავლენა და წნეხი ამ ეტაპზე დაძლეულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ანალიტიკოსი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ლარის კურსზე გავლენა ახლა მთლიანად ეკონომიკურ ფაქტორება აქვს, რაც ეროვნული ვალუტის კურსის  სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

„გარკვეული წნეხი იყო, მაგრამ ლარს მასშტაბური რყევა არ განუცდია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე  პანიკა,  რაც ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენების გამო შეიქმნა, გადალახულია. შესაბამისად, ამ ფაქტორის გავლენა კურსზე არ აისახება.

თუმცა სტაბილური მოლოდინები  საქართველოს ეკონომიკაში ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივი მდგომარეობაა, დიდი რყევები მოკლევადიან პერიოდში არ იქნება, თუ რამე არ მოხდება.  ნებისმიერი რყევა, არასწორი პოლიტიკა ეროვნულ ბანკში (თუკი ამ პროცესს ექნება ადგილი)  და სხვა, ეკონომიკურ ფაქტორებზე და მათ შორის, ლარზეც აისახება", - აცხადებს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ კურსის პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში არ იგრძნობა რაიმე საფრთხე, რაც შეიძლება სავალუტო ბაზარს დაემუქროს.

,,ლარის კურსზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ასეთი რამ რეალურად წარმოუდგენელია, რადგან წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება ეკონომიკაში, არაერთი ფაქტორია, რაც კურსის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს. ბევრი რამ მნიშვნელოვანია, მათ შორის, სებ-ის ქცევა კონკრეტულ სიტუაციებში, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვა გარემოებებიც, მათ შორის, საერთაშორისო პროცესების გავლენაც, რასაც ვერ გავაკონტროლებთ“, - განმარტავს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Galt & Taggart-მა ყოველკვირეული ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ  მიმდინარე წლის ბოლომდე და მომავალ წელს ლარი აშშ დოლართან მიმართებით საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში იქნება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები