ლარის გამყარების შემდეგ ქართული პროდუქტის ექსპორტს გაუჭირდა.
როგორც ექსპორტიორები აცხადებენ, გლობალურ ბაზრებზე მათი პროდუქცია კონკურენტუუნარო ხდება და გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შესაძლოა, იმპორტით ჩანაცვლების რეალური საფრთხე შექმნას.
კერძოდ, როგორც ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, პრობლემა ყველა დასახელების ქართულ პროდუქტს შეექმნება, რომელიც ექსპორტზეა წარმოდგენილი.
„ლარის კურსმა თავსატეხი გაგვიჩინა. ყველას ეხება ეს პრობლემა, რისკები ნამდვილად დიდია. როგორც წესი, კურსის გამყარება იწვევს ქართული პროდუქტის გაძვირებასა და იმპორტის გაიაფებას.
შესაბამისად, იმპორტზე მოთხოვნა მოიმატებს და მალე შეიძლება ქართული პროდუქცია ჩაანაცვლოს, დაწყებულია კიდეც ეს ტენდენცია. ჩვენი ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს.
ამ ეტაპზე ვაშლის ექსპორტი ფაქტობრივად შეჩერებულია, ძალიან მცირე რაოდენობით გადის, რაც პირდაპირ კავშირშია კურსის გამყარებასთან. ანალოგიური საფრთხე ემუქრება თხილსა და ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გადის", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარია.
რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი გაზრდილია და 1 მლრდ 400 მლნ დოლარს აჭარბებს.
თუმცა სასაქონლო ჭრილში დიდი კლებაა ისეთი სტრატეგიული საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით, როგორიცაა ფეროშენადნობები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპილენძის მადნები და აზოტოვანი სასუქების ექსპორტი.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა