დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარის გამყარებაზე ძირითადი გავლენა მიგრანტების შემოდინებას ჰქონდა - PMC-ის ანგარიში

ლარის გამყარებაზე ძირითადი გავლენა მიგრანტების შემოდინებას ჰქონდა - PMC-ის ანგარიში

27-06-2023 13:28:32

გამოკითხული ქართველი ეკონომისტების დაახლოებით 90% ფიქრობს, 2023 წლის მეორე კვარტალში ლარის გამყარებაზე მაღალი ან ძალიან მაღალი გავლენის მქონე ფაქტორს მიგრანტების შემოდინება წარმოადგენს.

ამის შესახებ საუბარია „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ ანგარიშში, რომელიც პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია.

გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, გამოკითხული ეკონომისტების თითქმის ნახევარი (47%) დარწმუნებით ვერ აფასებს ომის საერთო გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

მათი  თითქმის 90% ეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას (გამოცხადებულს 2023 წლის 10 მაისს) მონეტარული პოლიტიკის შერბილების და პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით 11%-დან 10.5%-მდე შემცირების შესახებ.

ქართველმა ეკონომისტებმა ყურადღება ბოლო პერიოდში გლობალურ საბანკო სექტორში არსებულ პროცესებზეც გაამახვილეს. 63% ფიქრობს, რომ  არასტაბილურობას გლობალურ საბანკო სექტორში (აშშ-ის რეგიონული ბანკების - Silicon Valley Bank-ის, Signature Bank-ისა და First Republic-ის გაკოტრებას და Credit Suisse-ის შეძენას) მინიმალური გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.

გამოკითხვის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალში ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას.

მათი შეფასება გაუმჯობესდა როგორც 2023 წლის პირველი კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2022 წლის მეორე კვარტლის შეფასებასთან შედარებით.

გამოკითხულთა მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუარესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ 2023 წლის პირველ კვარტალში და საგრძნობლად გაუარესდა 2022 წლის მეორე კვარტლის დადებით პროგნოზთან შედარებით.

ცნობისთვის, კვლევაში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა 2023 წლის მაისში ჩატარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები