დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lampino-ს ხელნაკეთი სანათების შეძენა უკვე მაღაზიაშია შესაძლებელი

Lampino-ს ხელნაკეთი სანათების შეძენა უკვე მაღაზიაშია შესაძლებელი

05-06-2024 13:00:00

ხელნაკეთი სანათების კომპანია Lampino-ს გაყიდვების დიდი ნაწილი ონლაინ გაყიდვებზე მოდის. როგორც Business Insider Georgia-სთან Lampino-ის დამფუძნებელმა ქეთი ნოზაძემ განაცხადა, თითოეული ხელნაკეთი სანათის/სუვენირის დიზაინი შექმნილია ქართული არქიტექტურის მიხედვით. 

„საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე. რა თქმა უნდა ცოტა განსხვავებული ფორმატით და დიზაინებით. თუმცა როგორც ბრენდი Lampino ბაზარზე 2019 წლიდანაა. გაყიდვების ძირითადი ნაწილი მაინც ონლაინ გაყიდვებზე მოდის. თუმცა ახლახან მეგობართან ერთად გავხსენით პატარა მაღაზია, რომელიც ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, ტურისტულ ადგილზე მდებარეობს. რეალურად ამ მაღაზიის ამუშავებას ახლა ვიწყებთ. რამდენიმე ნამუშევარი უკვე გავყიდეთ და შეიძინეს როგორც ქართველებმა, ასევე უცხოელებმა“, - აღნიშნა ქეთი ნოზაძემ. 

 Lampino-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ აქტიურად მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და მარკეტებში. ბრენდი 26 მაისსაც იყო წარმოდგენილი ღია მარკეტზე, სადაც სანათების და სუვენირების დიდი ნაწილი ტურისტებმა შეიძინეს. 

„ძირითადი ჩემი მიმართულება და ინტერესი არის სანათები. თავიდან ვაკეთებდი დიდი ზომის სანათებს, რაც შეიძლება კომფორტული არ ყოფილიყო წასაღებად, ან შესაძლოა ადამიანს სათანადო ადგილიც არ ჰქონდეს, ამიტომ მალევე დავიწყე მინიატიურული სანათების გაკეთება. იგივე სპეციფიკა, იგივე დიზაინი, თუმცა მცირე ზომის. სანათები გავაკეთე ასევე მაგნიტებზე, რაც ტურისტებისთვის უფრო საინტერესოა. 

როდესაც გამოფენებზე გავდივარ ძირითადად მინიატიურული სანათები მიმაქვს, დიდი სანათები მხოლოდ საჩვენებლად მიმაქვს ხოლმე. ვმუშაობ უფრო მინიატიურების და მაგნიტების გაყიდვებზე. ონლაინ კი უფრო დიდ სანათებზე შემოდის მოთხოვნა და ვიღებ შეკვეთებს. გამოფენებზე და მარკეტებზე მე თავად ვაკეთებ აქცენტს პატარა და შედარებით დაბალფასიან ნივთებზე“, - ამბობს ქეთი ნოზაძე.

დღეს  Lampino-ს პროდუქცია თბილისში პატარა ზომის სახელოსნოში ხელით მზადდება და არსებულ ფართში გაფართოების საშუალება არ არსებობს. როგორც Lampino-ს დამფუძნებელი ამბობს, გაფართოება თავის მხრივ გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული, რადგანაც ფართის ზრდასთან ერთად იზრდება ქირაც და ასევე დასაქმებულებისთვის საჭიროა სახელფასო ფონდიც, ვიდრე ამ ადამიანების სწავლება მოხდება. კომპანიამ გასულ წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი მოიპოვა, რითაც გარკვეული დანადგარები შეიძინა.

„როდესაც საქმიანობა დავიწყე და ახლაც ძირითადად მე ვაკეთებ ყველაფერს. პანდემიის პერიოდში ონლაინ გაყიდვები ზოგადად გააქტიურდა და ჩემს შემთხვევაშიც არ იყო ცუდი რეალიზაცია. საახალწლოდ მაქვს ხოლმე კორპორატიული შეკვეთები, მაგრამ ხშირად შეკვეთებზე უარი დროის ფაქტორის გამო მიწევს. 2023 წელს „პროკრედიტ ბანკთან“ მქონდა გაფორმებული კორპორატიული ხელშეკრულება და მთელი წლის განმავლობაში ამ შეკვეთებზე ვიყავი ორიენტირებული. შესაბამისად ვერ შევამჩნიე რა ხდებოდა ბაზარზე, მაგრამ მეგობარი მეწარმეებისგან ვიცი, რომ წინა წელს გაყიდვები შედარებით შემცირდა. თუმცა მიუხედავად არსებული გამოწვევებისა მაინც ყოველწლიურად წინ მივიწევთ და წინ ვდგამთ ნაბიჯებს, ვქმნით ახალ მოდელებს“, - აცხადებს ქეთი ნოზაძე.

შეგახსენებთ, რომ  Lampino ხელნაკეთი სანათების ბრენდია, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს და ქართულ პროდუქტს ქმნის. სანათები გამოირჩევა როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ხელნაკეთი არქიტექტურული მოდელების მთავარი დანიშნულება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამ ფორმით შენარჩუნებაა. 

ბრენდის იდეა კი ხელოვნებათმცოდნე ქეთი ნოზაძეს ეკუთვნის, რომელიც თითოეულ მოდელზე თავად მუშაობს. 

უახლესი

21 წუთის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები