ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ საჰაერო სატვირთო გადაზიდვებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც მოემსახურება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დონეზე სატვირთო ტერმინალის მშენებლობის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არსებობს, თუმცა ამის გარდა საკმაოდ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი, რათა პროექტი საბოლოოდ შედგეს, რაშიც თავის მხრივ კერძო სექტორის ჩართულობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო გადაზიდვები არის ის მიმართულება, რომელიც ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა. ზოგადად ინტერესი არსებობს და მობილობის მხრივ ძალიან საინტერესოა კერო სექტორისთვის, რომ სატვირთო გადაზიდვები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც განხორციელდეს.
კვლევა უკვე ჩატარებულია და ზუსტად გაქვს განსაზღვრული თუ რა არს საჭირო. ეტაპობრივად, დღესაც შეგვიძლია კონკრეტული რაოდენობისა და ტიპის ტვირთები გადავზიდოთ ქუთაისიდან, თუმცა აქ გარკვეული შეზღუდვები და პროცედურებია. დასაწყობება არ შეგვიძლია, რადგანაც ამის ინფრასტრუქტურა აეროპორტის ტერიტორიაზე არ არსებობს, თუმცა მიღება და გაგზავნა შესაძლებელია“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკვე დაანონსებული ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობა, მიმართულია იქეთკენაც, რომ სატვირთო საჰაერო ხომალდებსაც მოემსახუროს.
„აქედან გამომდინარე სტრატეგია, რომელიც მსოფლიო ბანკთან ერთად შევიმუშავეთ, ეტაპობრივად მივყვებით. ბევრი კომპონენტია, რომელიც წინამოსამზადებელ კვლევებსა და ასევე დამატებით კვლევებსაც გულისხმობს. რეალურად პროცესი სამ ფაზად გვაქვს დაყოფილი, თუ როგორ უნდა განვითარდეს.
პირველია ე.წ. „ბელი კარგო“, რომელიც სამგზავრო საჰაერო ხომალდების მეშვეობით ხდება, მეორეა უშუალოდ სატვირთო საჰაერო გადაზიდვები და მესამე უფრო გრძელვადიანია და სამ კომპონენტს მოიცავს: საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვები - მთლიანი ლოგისტიკური ცენტრი.
გვაქვს ინტენსიური შეხვედრები კერძო სექტორთან, ეს იქნება სატვირთო ტერმინალები თუ სხვადასხვა ლოგისტიკური სამსახურები. აქ საუბარია იმ საჭირო რაოდენობების და ტვირთმოცულობების შეკრებაზე, რომელიც საბოლოოდ ბიზნესურად გაამართლებს.
ჩვენ როგორც სახელმწიფო, ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, რომ ჩვენ ავაშენოთ სასაწყობე მეურნეობა. ამისთვის ველოდებით და ვეძებთ ინვესტორს, რომელთანაც ღიად ვითანამშრომლებთ და ჩვენი მხრიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდება შესაბამისი ფართის გამოყოფა.
პირველადი ინვესტიცია იქნება სოლიდური,რათა დიდი რაოდენობის ტვირთების მობილიზება მოვახდინოთ. სწორედ ამისთვის გვჭირდებოდა ახალი, გრძელი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი.
სავარაუდოდ ათეულ მილიონ ლარზე იქნება საუბარი. თუმცა, საბოლოო ციფრები პროექტირების შემდეგ გახდება ცნობილი, რის შემდეგაც პირველი ნაბიჯები გადაიდგმება“, - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
უახლესი
8 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა