სებ-ის ინტერვენციების სტრატეგიაში განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც ჩვენ შეიძლება ინტერვენცია განვახორციელოთ იმის გამო, რომ არ დავუშვათ ჭარბი მერყეობა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.
უტიაშვილის თქმით, ლარს აქვს მცურავი გაცვლითი კურსი, ეს ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურისთვის ოპტიმალურია.
„ამ პერიოდში მერყეობა ბუნებრივია. რომ შევხედოთ დოლარის და ევროს კურსს რაღაც მერყეობა იქაცაა. ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა მეორეს მხრივ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიძლება იყოს პრობლემა. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, საკმაოდ მსხვილი საგარეო ვაჭრობა გაქვს, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი უცხოურ ვალუტაშია, ამიტომ კურსის ყოველდღიური მერყეობა პირდაპირ გავლენასაც კი ახდენს ჩვენს მოქალაქეებზე. ასევე გაქვს დოლარიზაცია, ბევრს სესხი აქვს და კურსის მცირე გაუფასურება მათთვის ტვირთია. სებ-ის ინტერვენციების სტრატეგიაში განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც ჩვენ შეიძლება ინტერვენცია განვახორციელოთ იმის გამო, რომ არ დავუშვათ ჭარბი მერყეობა. თუ მერყეობა გამოწვეულია ფუნდამენტური ფაქტორებისგან, მაგალითად შემცირდა შემოდინებები, ამ დროს კურსი უნდა დაკორექტირდეს. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, ეს არის მაგალითად ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, როცა არის მსხვილი გადახდები, ან დივიდენდის გაცემა, რაც გავლენას ახდენს ბაზარზე და ამ დროს ვერევით. მეორე მოლოდინების ფაქტორი, ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები არის სტაბილური, შემოდინებები გაქვს, მაგრამ სხვადასხვა პროცესია. ბოლო დროს უკავშირდება საარჩევნო ციკლს. ამ დროს მოლოდინები ფუნდამენტურ მაჩვენებლებს აცდენილია. ამ დროს ვერევით ბაზარზე, გარკვეულ ინტერვენციებს ვახორციელებთ. ჩვენი დაკვირვება არის, რომ ასეთ დროს ინტერვენციები არის გამართლებული. როცა ეს მოლოდინები მიილევა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საშუალებას მოგვცემს, რომ უკან შევიძინოთ ამ ინტერვენციების ნაწილი“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ ფუნდამენტური მაჩვენებლები არის ჯანსაღი ამ დროს შემოდინებები საკმარისია, გრძელვადიან პერიოდში რომ კურსი იყოს სტაბილური.
„ამიტომ მოკლევადიან პერიოდში ინტერვენციებისთვის ჩვენ გაქვს რეზერვები და ეს რეზერვები სწორედ იმისთვის გაქვს, რომ ასეთ დროს ჩავერიოთ. გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის ამ რეზერვების დაგროვება, სხვადასხვა დროს რეზერვები შეგვიძენია. რეზერვის დანიშნულება საბოლოო ჯამში არის ის, რომ რაღაც ეპიზოდებში გამოვიყენოთ. ცხადია ერთია, რომ ნდობა გავზარდოთ, მაგრამ გამოყენებაც არის მისი ერთ-ერთი ფუნქცია. ამიტომ კარგ დროს ვაგროვებთ და როდესაც ჭარბი მერყეობაა ინტერვენციებს ვახორციელებთ, ისევ და ისევ იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და იმ პირებს ვისაც სჭირდება, რომ დოლარი შეიძინოს, იმპორტიორებს, სესხის გადამხდელებს იმ დროს კურსი ზედმეტად არ გაუძვირდეს“, - განაცხადა სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
უახლესი