დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კულტურული ტურიზმი ქვეყნის პრიორიტეტია, ვიზიტორები ჩვენი გასტრონომიითა და ღვინით ინტერესდებიან - ნატა კვაჭანტირაძე

კულტურული ტურიზმი ქვეყნის პრიორიტეტია, ვიზიტორები ჩვენი გასტრონომიითა და ღვინით ინტერესდებიან - ნატა კვაჭანტირაძე

16-08-2023 16:00:50

ქვეყნის პრიორიტეტი არის კულტურული ტურიზმი და მათთვის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მიმართულებები იმის მიხედვით განისაზღვრება თუ სად ჩამოდის ვიზიტორი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ განაცხადა.

„გააჩნია სად ჩამოდის ტურისტი, მაგრამ სამივე პირდაპირი მიმართულება, საიდანაც ტურისტი ქვეყანაში პირდაპირი რეისებით შემოდის არის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა თბილისი, იმერეთის და აჭარის რეგიონები. იქიდან გამომდინარე თუ სად მოხვდება ჩვენთან ჩამოსული ტურისტი შესაბამისადაც ირჩევს იმ ძირითად მოსანახულებელ ადგილებს, რაც მიმდებარე ტერიტორიებს უკავშირდება.

მაგალითად თუ ტურისტი ქვეყანაში თბილისში ჩამოდის და მოკლევადიანი ვიზიტია ირჩევს თბილისთან ახლოს 2-3 საათიან რადიუსს. ეს შეიძლება იყოს კახეთი, ყაზბეგი, ქართლი. მაგრამ თუ ის ჩამოდის იმერეთში, იმერეთის მასშტაბით საინტერესოა მისთვის ქუთაისი, ასევე სტუმრობენ ვარძიას, სამცხე ჯავახეთს. იგივეა აჭარის ნაწილშიც. აჭარაში ჩამოსული ტურისტი ძალიან ხშირად მიდის სვანეთში სამოგზაუროდ.

მაგრამ თუ ვისაუბრებთ მიმართულებებზე? გეტყვით, რომ ქვეყნის პრიორიტეტი არის კულტურული ტურიზმი, რომელიც იმის და მიხედვით განისაზღვრება სად ჩამოდის ვიზიტორი. კულტურული ტურიზმის ჭრილში ასევე კონცენტრირდება მომხმარებელი, ჩვენი გასტრონომიით და ღვინით“, - ამბობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი.

ნატა კვაჭანტირაძის აზრით, კულტურული ტურიზმის ჭრილში პრიორიტეტული მიმართულებებია თბილისი, კახეთი, ყაზბეგი, სამცხე ჯავახეთი. თბილისის აეროპორტით უმეტესწილად ჩამოდიან კულტურული ტურიზმის მიმართულებით, ხოლო უფრო დასვენების კუთხით კი ქუთაისის ან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებით. 

ნატა კვაჭანტირაძის თქმით, საქართველოში კულტურული ტურიზმი აინტერესებს ევროპელებს, ისრაელის მოქალაქეებს და ასევე ლიდერობს ახლო აღმოსავლეთიც. 

„თუმცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები და აღმოსავლეთი საბოლოდ მაინც დასვენების პაკეტებს ირჩევენ: ბორჯომი, წყალტუბო, საირმე და სხვა. შესაბამისად მათი დასვენება უკავშირდება სამედიცინო მიმართულებასაც“, - ამბობს კვაჭანტირაძე.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

2023 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.4%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (366.1 ათასი), რუსეთის ფედერაციის (320.8 ათასი) და სომხეთის (214.6 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.7 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (51.5 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 709.3 ათასი და 661.8 ათასი ვიზიტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები