დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - დავით უტიაშვილი

კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა - დავით უტიაშვილი

24-01-2024 12:29:00

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა კვლევის“ 2023 წლის განახლებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. ამ კომპონენტის უმრავლეს ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის „საწარმოთა გამოკითხვის“ 2023 წლის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უმჯობესია მსოფლიოს ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. კვლევის მიხედვით, საქართველოში სასესხო განაცხადი მხოლოდ საწარმოთა 3.2%-ს არ დაუკმაყოფილდა, ხოლო საბანკო კრედიტით სარგებლობს 53.3%, რაც წინა კვლევის მონაცემებთან შედარებით, მნიშვნელოვნად - 10,4%-ით გაზრდილია.

ასევე, მსოფლიო ბანკის „საწარმოთა კვლევის“ თანახმად, 11%-მდეა შემცირებული რესპოდენტთა წილი, ვინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ბიზნესის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. მონაცემები თითქმის განახევრებულია, რადგან 2019 წლის კვლევით, საქართველოში იგივე პრობლემაზე საწარმოთა 22.4% მიუთითებდა. შედარებისთვის, 2023 წელს, გლობალურად ეს მაჩვენებელი 22.7%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული ქართული კომპანიების ნაწილისთვის, გამოწვევად რჩება უზრუნველყოფის საკმარისობა, რის საპასუხოდაც ქვეყანაში ფუნქციონირებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი „სახელმწიფო საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი“ და ასევე, მიმდინარეობს მუშაობა მოძრავი გირაოს ჩარჩოს განვითარებაზე.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგები და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მნიშნელოვანი ფაქტორია. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობების ზრდისთვის საბანკო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს.

„კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიხილავთ ბანკებთან ინიციატივებს, როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ბიზნეს დაკრედიტების ეფექტიანობა“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მსოფლიო ბანკის „საწარმოთა კვლევა“ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და მოიცავს ბიზნესგარემოს ფართო სპექტრს: კორუფციის დონის, რეგულაციებისა და გადასახადების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები