Business Insider Georgia-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა, რომ უძრავი ქონების გაქირავების ფასი თანდათან სტაბილურდება თუმცა მკვეთრი ვარდნის მოლოდინი არ არის.
„უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის ტალღამ გადაიარა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეებმა ფასები გაახუთმაგეს, თუმცა ამის მიუხედავად გაქირავების ფასი ძველ ნიშნულზე არ დაბრუნებულა. უბრალოდ დასტაბილურებისკენ მიდის ეს პროცესი, თუმცა ამ კუთხით ფასების მკვეთრ ვარდნას არ ველოდებით. შესაძლოა, კიდევ უფრო დასტაბილურდეს ეს ბაზარი და საერთო გაძვირებული ფასები კიდევ შემცირდეს“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
Noble Real Estate-ის დამფუძნებელი გაქირავების ბაზარს სეგმენტებად განიხილავს და ამბობს, რომ პრემიუმ ბინებზე ქირის ფასის შემცირება მოსალოდნელი არ არის.
„გასათვალისწინებელია თუ რა სეგმენტზე ჰქონდა სწორება უძრავი ქონების გამქირავებელს. თუ ვლაპარაკობთ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებზე, ბუნებრივია მათი უძრავი ქონების ფასი დაიკლებს. ამასთან, ვისაც ჰქონდა გათვლა მაღალი სტანდარტებით უძრავ ქონებაზე, მათზე სწრაფი გაძვირება დიდად არ აისახა, რადგან ამ სეგმენტში ფასი უკვე ისედაც მაღალი იყო და შესაბამისად ამ ტიპის ქონების მფლობელებმა ფასი რადიკალურად ვერც „მიგრანტების ტალღის“ დროს გაზარდეს.
ასეთი უძრავი ქონება ლიმიტირებულია, საინტერესოა და მასზე მაღალი კონკურენციაა“. - ამბობს მებაღიშვილი.
Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.7 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 5.1%-იანი შემცირებაა. ამ შემცირების მიუხედავად, ეს ქირა 2021 წლის დონეს ორჯერ აჭარბებს.
იგივე თემაზე:
გაყიდვების კლების ფონზე, უძრავი ქონება მაინც ძვირდება - მიმოხილვა
TOP-3 უბანი თბილისში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია
ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა ფასები არ მცირდება - ასოციაცია
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა