„ხელნაწერი“ რამდენიმე კვირაში ახალ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის ხელმძღვანელმა მარიამ ჟორჟოლიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მალე გაყიდვაში ჩაეშვება ხელით შესრულებული ზოდიაქოს გამოსახულებები, რომელიც გადმოტანილია მე-12-ე საუკუნის ასტრონომიული ტრაქტატიდან.
„ეს ზოდიაქოს ნიშნები გადმოიტანა ბებიამ ელენე მაჭავარიანმა, რომელიც არის ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კალიგრაფი და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ბებია 93 წლისაა და კვლავ განაგრძობს და მე როგორც მისი შვილიშვილი მის მემკვიდრეობას კიდევ უფრო ვავითარებ და ხელმისაწვდომს ვხდი. ჩემი შესრულებული ანბანის გამოსახულებები გაკეთებულია მისი ნამუშევრებიდან. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. პოპულარობას ვუწევთ ქართულ ანბანს. ამ დროისთვის გვაქვს ორი პროექტი, მესამეს ვამატებთ. იმედი მაქვს, რომ ახალ წლამდე მოვასწრებთ.“, - ამბობს მარიამ ჟორჟოლიანი.
„ხელნაწერის“ პირველი პროექტია, ქართული ანბანის საზედაო ასოები, რომელიც ხელნაწერებში გამოიყენებოდა, როგორც პირველი ასოები. ამ პროექტში გადმოვიტანეთ სრული ანბანი. მეორე პროექტია ცალკე, ინდივიდუალურო ასო ნიშნები. მაგალითად აღებულია ერთი ასო ნიშანი და მის გარშემო დატანილია ინფორმაცია თუ როგორ განვითარდა.
მისი ინფორმაციით, „ხელნაწერის“ პროექტებთან მიმართვებით ინტერესი მაღალია.
„ძალიან მოსწონთ ოქროს გამოყენებით ხელით შესრულებული ნამუშევრები. უცხოეთშიც მიაქვთ. გვაქვს ლამაზი შეფუთვა, ყველა ნამუშევარს მოჰყვება პასპორტი. საცალო ბაზარზეც არის მოთხოვნა ინდივიდუალურ ასოებზე. ამ პროექტის ფარგლებში ფასები 550 ლარიდან იწყება. 750 ლარიდან 1200 ლარამდე ღირს ანბანის ხელნაწერი ზომის მიხედვით“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
„ხელნაწერის“ ნამუშევრები ამ დროისთვის სახლში მზადდება და ონლაინ იყიდება. თუმცა შესაძლოა ეს ნამუშევრები გალერეებიც გამოჩნდეს.
კომპანია „ხელნაწერი“ ორი წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა