კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე ამბობს, რომ კომპანია წლებია ზარალიანია და გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის მიუხედავად, ხელფასების 20%-იანი ზრდა ალოგიკურია.
„სამწუხაროდ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ რამდენიმე პირმა მიმართა პროტესტის რადიკალურ ფორმას, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ყველა საკითხზე შევჯერდით. წინააღმდეგობა შეგვექმნა მხოლოდ ხელფასის მატებაზე. ცალსახად ითხოვენ 20%-ს. კომპანია წლებია ზარალიანია, კრიზისი გრძელდება. სახელმწიფომ შემოგვთავაზა კომისიის შექმნა. ჩვენი მხრიდან მზაობაა, რომ დამოუკიდებელი აუდიტი შემოვიდეს. ამის მიუხედავად სამწუხაროდ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი გამოსავალს მოლაპარაკებებში ხედავს.
„ვფიქრობ, ხელფასის მატება მიბმული უნდა იყოს სამომავლო ფინანსურ შედეგებზე. ჩვენ ანაზღაურების მხოლოდ 5%-ით გაზრდა შეგვიძლია. რა ციფრია დარჩენილი 15%? ეს არის ჩვენი სახელფასო ფონდიდან - $10 მილიონი. ჩვენი ფინანსური ზარალი ამ დროისთვის $12 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მიიღო კომპანიისთვის ფინანსური ვალდებულებების გადავადების გადაწყვეტილება, ამ ფონზე ხელფასების ზრდა მაინც ალოგიკურია“, - განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანახმაა კომპანიაში დამოუკიდებელი აუდიტი შევიდეს და იქ არსებული ფინანსური მდგომარეობა შეისწავლოს.
ამ დროისათვის, პარლამენტთან „ჯორჯიან მანგანეზის“თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:
1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცესთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცესთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის
შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო.
უახლესი
2 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება