საქართველოში დამზადებული ,,ხახაბოს" უნიკალური სახეობის მცენარეული ზეთები მალე ექსპორტზე გავა.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი, მეწარმე ზაქარია სვიმონიშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც.
პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
„წარმოება დავიწყეთ სელით. ხშირ შემთხვევაში, სელის მარცვალს ხალავენ და მერე იწურება, რათა მეტი გამოსავლიანობა ჰქონდეს, სამაგიეროდ, გემოვნური თვისებები იკარგება. ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მიღებული ზეთი ინარჩუნებს ნედლი პროდუქტის ყველა მახასიათებელს, ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს. ჩვენი ნედლეული დაწურვის პროცესში არ ხურდება და 100%-ით ცივი დაწურვა ხდება.
მსგავსი პროდუქტი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს. ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ზეთების შეძენა შეიძლება. ჩვენი პროდუქციის გამოიყენება შეიძლება არა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, არამედ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში“, - ამბობს ზაქარია სვიმონიშვილი.
პროდუქტის უპირატესობა ხარისხი და ბუნებრივი, სასიცოცხლო თვისებების შენარჩუნებაა, რაც დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. სამკურნალო დანიშნულებით წარმოებაშია 7 სახეობის ზეთი: სელი, გოგრა, ჩია, სეზამი, ნიგოზი, ნუში და შავი კვლიავი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც სვიმონიშვილი ამბობს, იგეგმება ექსპორტზე გატანა, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
„აქცენტი აზიის და ევროპის ქვეყნებზეა. ქართულ ბაზარზე საკმაოდ მყარად მოვიკიდეთ ფეხი, ძალიან მოთხოვნადი პროდუქციაა და გვინდა ექსპორტზეც მოვსინჯოთ ძალები. სავარაუდოდ, წლის ბოლოს მზად ვიქნებით. ეტაპობრივად ვაპირებთ გაფართოებას", - ამბობს მეწარმე Business Insider Georgia - თან.
შეგახსენებთ, რომ ,,ხახაბოს" განვითარების 5-წლიანი ბიზნეს გეგმა აქვს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიონი ლარია. აქედან 700 ათასი ლარი ზეთის წარმოება მოხმარდება.
ქარხნის მშენებლობითა და საწარმოო ხაზის განვითარებით „ხახაბოს" 150 ადამიანის დასაქმების რესურსი აქვს.
უახლესი
26 წუთის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა