ქართული სასტუმრო ბრენდი Rooms-ი ევროპის ბაზარზე გამოჩნდება. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, Rooms-ის, როგორც სასტუმრო ბრენდის უკეთ წარმოჩინებისთვის და სამომავლოდ საკუთარი ბიზნეს-გეგმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი იყო, რომ Rooms-ი Adjara Group-დან დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებულიყო.
„გადავწყვიტეთ, რომ Rooms Hotel-ის ბრენდის უფრო მეტად პოზიციონირებისთვის გამოვყოთ და ცალკე გავიტანოთ კომპანია. Rooms-ს უკვე ძალიან კარგად იცნობს როგორც საქართველო ასევე მსოფლიო. ის ჩამოყალიბდა, როგორც ქართულ სასტუმროების ბრენდი. ამიტომ გადაწყდა გამოყოფა, რომ გვინდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეთ. გავაკეთოთ სასტუმროები ევროპაში. ბრიტანეთსაც ვფიქრობთ. ამიტომ Rooms-ის პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ცალკე კომპანია გაგვეკეთებინა“, - აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ვალერი ჩეხერიას თქმით, Rooms Hotel-ი ლარში ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს, თუმცა პერსპექტივაში Rooms Hotel-ი შესაძლოა, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც კი დაილისტოს.
„იმდენად უყვართ და ენდობიან Rooms-ს როგორც ბრენდს, რომ გადავწყვიტეთ ბონდები გამოვუშვათ, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ „თიბისი კაპტალთან“ და „გალტ ენდ თაგარტთან“.
ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ Rooms-ის ბრენდის მიმართულება.
მალე ბათუმის პროექტი მოდის, ბათუმი იქნება Rooms-ის სასტუმროებისთვის რიგით მეოთხე სასტუმრო. შემდეგ Rooms Abastumani-ს გახსნა გვაქვს გეგმაში, რომელიც Rooms-ის ბრენდის ქვეშ უკვე მეხუთე სასტუმრო იქნება.
ევროპაში, თუ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბონდების გამოშვება ეს არის ის პერსპექტივა. ერთ დღეს გვინდა, რომ ამ მიმართულებით Rooms Hotel-ი ვიხილოთ. გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ და ევროპა იქნება ეს, ლონდონი თუ ნიუ იორკი ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუმცა ეს იქნება შემდეგი პრიორიტეტი, რაზეც მუშაობას Rooms Batumi-ს გახსნის შემდეგ დავიწყებ. ქართული ბონდის გამოშვებაც დაგვანახებს თუ რა შესაძლებლობები აქვს კომპანიას და თავად ბრენდს“, - ამბობს ჩეხერია.
ირკვევა, რომ Rooms-ს კიდევ რამდენიმე მიმართულება ექნება, ესენია: Rooms Catering-ი, Rooms Events-ი, Rooms Bakery.
„Rooms Bakery-ს მიმართულებით გვეხმარება ძალიან ცნობილი შეფი კოპენჰაგენიდან, რომელიც გვიწევს კონსულტაციებს და რომელიც ცნობილია ზუსტად ამ მიმართულებით, როგორც ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტი მსოფლიოში. მას ეკუთვნის Sofi Bakery ბერლინში და ბევრი რესტორანი კოპენჰაგენში“, - აცხადებს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ Rooms-ის უახლოესი გეგმებია, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში მოესწროს Rooms Batumi-ს გახსნა.
„უკვე დაწყებული გაქვს სარემონტო სამუშაოები და მომავალი წლისთვის გვინდა გავხსნათ Rooms Abastumani. ეს არის ის პროექტები, რომელიც დამტკიცებულია და მიმდინარეობს“, - ამბობს Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი.
რაც შეეხება ინვესტიციებს ბრენდების მიხედვით ასე გადანაწილდა - Rooms Kazbegi - 22.000.000 ლარი; Rooms Bakuriani - 50.000.000 ლარი, Rooms Tbilisi - 35.000.000 ლარი;l Rooms Batumi - 70.000.000 ლარი; Rooms Abastumani - 50.000.000 ლარი, Total investment - 227.000.000 ლარი.
უახლესი