ქართული ჩაის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა წარმოების მოცულობა ჯერჯერობით დაბალ დონეზეა, რის გამოც იგი ვერც ადგილობრივ და ვერც ექსპორტზე არსებულ მოთხოვნას ვერ უზრუნველყოფს. როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი ნედლეულის დეფიციტია. კერძოდ, პლანტაციები არ არის იმ რაოდენობის, რისი გადამუშავებაც საწარმოებს შეუძლიათ.
,,მეჩაიეობაში ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა რაოდენობაზე არ ვფიქრობთ, წარმოება მცირეა, მაგრამ ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყველა კომპანია, ვინც ბაზარზე ოპერირებს, ხარისხზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის ჩაი იწარმოება. გლობალურ ბაზრებზე ხარისხით ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანია, თუმცა გამოწვევად რჩება წარმოების მოცულობა. ნედლეულის, პლანტაციისა და სიმძლავრეებს შორის დისბალანსია. სახელმწიფოს მხარდაჭერით შედარებით გაძლიერდა სექტორი და გადამუშავებული პროდუქტის მოცულობაც ნელ-ნელა იზრდება. შედეგი შემდგომ წლებში უფრო აისახება", - ამბობს თენგიზ სვანიძე.
მისი ინფორმაციით, მეხუთე წელია წელია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. პროგრამის ფარგლებში დაახლოები 1600 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა.
რაც შეეხება ექსპორტს, სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის, განსაკუთრებით პოპულარულია აგურა ჩაი, რომლის ძირითადი მომხმარებელი მონღოლეთია.
,,მცირე რაოდენობით, მაგრამ ნელ-ნელა მატულობს ექსპორტი. ეს ეხება განსაკუთრებით აგურა ჩაის მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებით მონღოლეთშია პოპულარული. წლიდან წლამდე უმჯობესდება სიტუაცია, რაც გვაფიქრებს, რომ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, წარმოების მასშტაბიც გაიზრდება", - ამბობს თენგიზ სვანიძე.
დღეს საქართველოში 61 ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელთა უმეტესობა მცირე მწარმოებლად ითვლება. წარმოების სიმცირის მიუხედავად, ქართველი მეწარმეები ახერხებენ, რომ საკუთარი ნიშა დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზრებზე და უნიკალური ქართული ჩაი მსოფლიოს მომხმარებელს გააცნონ.
უახლესი