დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია.
„ავარიული სახლების ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მსგავსი სახლები ახალი, თანამედროვე, ქართული არქიტექტურის შესაბამისი სახლებით ჩავანაცვლოთ, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადავცეთ. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას, რა პროცესშიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, ხოლო კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა.
„პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ერთი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. უახლოეს მომავალში მოგვიწევს ტენდერის გამოცხადება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი იყოს. შეიძლება ეს იყოს დეველოპერული კომპანიებიც. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ, შესაბამის სამსახურებს, ჩემს მოადგილეებს გვაქვს სრული მზაობა, რომ მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია, კონკრეტული პროექტი რა ეტაპზეა, როდის გამოცხადდება ტენდერი და ა.შ. მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ მიიღოთ მონაწილეობა და პროცესში რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროგრამაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ურბანული განახლება და ავარიული სახლების ჩანაცვლება ქალაქის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი