დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება, ექსპორტზე მცირე მოცულობები გავიტანეთ  - ,,სახე-დარი"

ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება, ექსპორტზე მცირე მოცულობები გავიტანეთ - ,,სახე-დარი"

08-12-2023 10:00:05

„სახე-დარი“ ვირების პირველი ფერმა საქართველოში, რომელიც რძეს სამკურნალო და კოსმეტიკური დანიშნულებით აწარმოებს.

როგორც ფერმის ხელმძღვანელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც ცნობადობის ზრდას უკავშირდება. 

თემურ ლომიძის თქმით, განსაკუთრებით  ვირის რძე იყიდება, რასაც უკვე ექიმები  უწევენ რეკომენდაციას.

,,ჩვენი სახედრები იკვებებიან მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საკვებით, რაც იმის გარანტიაა, რომ აწარმოონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი.ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი რძეა. წინა წლებისგან განსხვავებით, მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა. რაც უფრო ჩამოვყალიბდით და ცნობადობა გაიზარდა, მოთხოვნაც განსაკუთრებით გააქტიურდა. რძის მიმართულება ყველაზე სტაბილურია, ყველაზე კარგად იყიდება.

ექიმები უკვე აძლევენ რეკომენდაციას, რომ ბავშვებსა და მოზარდებს ვირის რძით უმკურნალონ. ამანაც დიდი დატვირთვა შეიძინა. 2023 წელს ხუთასამდე პაციენტი მივიღეთ, ვისაც ვირის რძით მკურნალობა დასჭირდა. არა მხოლოდ საქართველოში, ქვეყნის გარეთაც დიდი მოთხოვნაა. გარკვეული მოცულობები გავაგზავნეთ აშშ-ში, იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში. გაყინული რძე გავიტანეთ ექსპორტზე, აქაც და იქაც, ამ პროდუქტს ხალხი ძირითადად სამკურნალო დანიშნულებით ყიდულობს", - ამბობს თემურ ლომიძე.

რაც შეეხება ფასს, 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება 70 ლარია. კომპანიამ წელს 800 ლიტრი რძე გაყიდა.

ვირის რძისგან დამზადებული ყველი ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტია და ქართულ ბაზარზე მისი ფასი 1500 ლარია, ევროპულ ბაზრებზე კი- 1200 ევროდ იყიდება.

გარდა რძისა, ,,სახე-დარი" აწარმოებს ყველს და თავის მოვლის საშუალებებს, უმეტესად საპონსა და კრემებს. 

ცნობისთვის, ვირების ფერმა ,,სახე-დარი“ 2016 წელს დაარსდა, რომლის ბაზაზე 100 სახედარია. 30 ჰა ფართობის საძოვარი კომპანიას იჯარით აქვს აღებული.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები