დეკემბრის დასაწყისში თბილისში, რიგის ქუჩაზე ,,წერტის" რიგით მეხუთე ფილიალი გაიხსნება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ბექა გონაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი ფილიალის კონცეფცია მცირედით განსხვავებულია იმ თვალსაზრისით, რომ ადგილზე წარმოება აღარ იგეგმება და რეალიზაციაში იქნება კომპანიის მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტები, რასაც მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა.
„ვაკეში, რიგის ქუჩაზე ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას, რომელიც წარმოებიდან მომარაგდება პროდუქციით. ამ კუთხით კონცეფცია მცირედით იცვლება. თითქმის ყველა დეტალი მზადაა, მაქსიმალურად ვართ ჩართული და მომხმარებელს ძალიან მალე სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ.
„წერტის“ ახალ ფილიალში, როგორც სხვა ობიექტებში, მომხმარებელს ხორცის გარდა, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, თევზი, ხილ-ბოსტნეული, პურ-ფუნთუშეული, ნატურალური თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტები დახვდება.
ეს იქნება მაღალი ხარისხის პროდუქტები, ჯანსაღი და 100%-ით უვნებელი. ნატურალურს არ ვამბობთ შეგნებულად, ვინაიდან კანონმდებლობას ვიცავთ. წესით, როდესაც პროდუქტს ნატურალურს ვუწოდებთ ბიოსერტიფიკატს უნდა ფლობდეს. თუმცა რაშიც დარწმუნებული ვართ, მაღალი ხარისხი და სტანდარტია, რის გამოც მიგვიღო და გვენდო მომხმარებელი, ამ ნიშას არ ვღალატობთ და ბოლომდე ამ ხაზს მივყვებით", - ამბობს ბექა გონაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „წერტი“, რომელიც თბილისში საცალო გაყიდვებისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების წერტილს წარმოადგენს, „აგროქიზიყის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ფერმებსა და ცხოველთა კვების წარმოებას ფლობს.
კომპანია ხორცისა და ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს 2019 წლიდან აწარმოებს. 2020 წლიდან კი, საკუთარ რძის საწარმოში სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო.
ამ ეტაპზე ,,წერტის" ფილიალებში 130 ადამიანია დასაქმებული. ახალი ობიექტის გახსნის შემდეგ დამატებით 7-8 ადამიანი დასაქმდება.
უახლესი