პროგრამის - „სპორტი უფროსი თაობისთვის“ აქტუალობიდან გამომდინარე, ასევე, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და მასში სხვადასხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სპორტული ორგანიზაციები) ჩართვა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ობიექტების რეგისტრაციას იწყებს.
დედაქალაქის მერია, 60 წლის და ამავე ასაკს გადაცილებული მოქალაქეების ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში აღნიშნულ პროგრამას გასული წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სპორტულ ობიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ერთ სივრცეში ფუნქციონირებადი საცურაო აუზი და ფიტნესდარბაზი, აღჭურვილი დასწრების ელექტრონული აღრიცხვის მოწყობილობით;
ბ) ჰიგიენის ნორმების დაცვა და ფუნქციონირებადი საშხაპეების არსებობა;
გ) უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ექიმი, ფიტნესინსტრუქტორი და მაშველი ან ინსტრუქტორი;
დ) ერთდროულად არანაკლებ 20 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი საცურაო აუზი (სიგრძე არანაკლებ - 15 მ, სიგანე არანაკლებ - 10 მ, სიღრმე არანაკლებ - 1,20 მ);
ე) ერთდროულად არანაკლებ 15 მოსარგებლის მომსახურებაზე გათვლილი ფიტნესდარბაზი (სავარჯიშო სივრცე არანაკლებ 150 კვ. მ).
მომსახურების მიმწოდებელმა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) ექიმის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) ან/და ლიცენზია;
ბ) მაშველის/ინსტრუქტორის და ფიტნესინსტრუქტორის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საცურაო აუზის, ფიტნესდარბაზის, საშხაპეებისა და სველი წერტილების ამსახველი ფოტომასალა.
მომსახურების მიწოდების მსურველებმა, ქვეპროგრამაში ჩართვის მოთხოვნით უნდა მიმართონ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და წარადგინონ სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული განაცხადის ფორმა.
მომსახურების მიმწოდებლების განცხადებების მიღება განხორციელდება თბილისის მერიის მისამართზე: შარტავას ქ. N7, მერიის კანცელარია.
დაინტერესებულ პირებს განცხადებების შემოტანა ასევე, შეუძლიათ თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www.ms.gov.ge (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა).
„სპორტი უფროსი თაობისთვის“ ქვეპროგრამაში ჩასართავად იურიდიული პირების მიერ წარსადგენი განაცხადის ფორმა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13-76
უახლესი
7 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი