თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესი ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება, უკვე დასრულებული სხვა მსხვილი პროექტების მსგავსად, დისკომფორტის გარეშე შეუძლებელია.
თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით, სრულად განახლდება კრიტიკულ მდგომარეობაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის სავალი ნაწილის დაზიანების პრობლემებიც მოიხსნება.
„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, დაიწყება აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის რეაბილიტაცია. განხორციელდება წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე, შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ამ გამზირის გადაკეტვა, რომელიც დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, ძალიან დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია ამ მასშტაბის რეაბილიტაციის ჩატარება ისე, რომ გამზირის დროებით გადაკეტვა არ მოხდეს. მოსალოდნელი დისკომფორტის გამო, ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, თუმცა ეს წყალში გადაყრილი თანხები იქნება. შემდეგ კი რთული იქნება საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ გუშინ ჩატარებული რეაბილიტაციის მიუხედავად, გამზირი დღეს ისევ პრობლემურია. ამიტომ, ერთად უნდა გავიჭირვოთ და გავაკეთოთ ის, რაც აუცილებლად გასაკეთებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარი; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი, ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
თბილისის მერმა ასევე, ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.
„აკაკი წერეთლის გამზირის განახლების პარალელურად, ვიწყებთ შოთა შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციასაც. აღნიშნული ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. ყველა მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელების პროცესი გარკვეულ დისკომფორტს ქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ ამასთან, ყველას გვაქვს სურვილი, რომ ხვალინდელი თბილისის ქუჩები და გამზირები იყოს თანამედროვე, ევროპული და განახლებული. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან იქნება თანადგომა, მხარდაჭერა. იქნება დისკომფორტი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად უნდა გადავიტანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი