თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, სტადიონი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი სტადიონის პროექტს გამოუჩნდა კრიტიკოსები და გასაკვირია, რომ ეს ადამიანები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავაანონსეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70 ათას მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს დინამო სტადიონზე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგალითისათვის: ჩვენ ამ სტადიონზე გვექნება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ აშენდება ეს სტადიონი, ჩვენ აქედანვე დავიწყებთ განაცხადის შეტანას იმისათვის, რომ 2028 წელს თბილისმა, ახალმა სტადიონმა უმასპინძლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალს საქართველოში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის წარმოჩენისთვის საერთაშორისო დონეზე. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, სპორტული წარმატებისთვის. მე მქონდა საშუალება, დავსწრებოდი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, სადაც სწორედ ასეთი ტიპის სტადიონებზე გაიმართა მატჩები და წარმოუდგენელია ეს ემოციური კავშირი, რაც მყარდება მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის ასეთი ტიპის სტადიონებზე.
ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე. მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი, ამას რა შეიძლება დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. როგორც ჩანს, თავიდან ბოლომდე დაბინდული გაქვს გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე. ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტი სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით განხორციელდება. ცვენ დაგეგმილი გვავს ჩავრთოთ საერთაშორისო გამოცდილი კომპანია ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი