დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოვის ტრაგედიაზე საქმე ორი მუხლით აღიძრა - თემურ მღებრიშვილი

შოვის ტრაგედიაზე საქმე ორი მუხლით აღიძრა - თემურ მღებრიშვილი

07-08-2023 14:04:01

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება.

თემურ მღებრიშვილმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.

"პირველ რიგში მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერის საშუალებით, როგორც იცით დღეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ქვეყანაში გამოცხადდა გლოვის დღე და მინდა თითოეულ ოჯახის წევრს, დაზარალებულს მივუსამძიმრო და მწუხარება გამოვთქვა.

ეს არ არის მარტო ცალკეული ოჯახების დანაკლისი და ტრაგედია, ეს რა თქმა უნდა მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მისამართით. რაც შეეხება, მიმდინარე საძიებო სამუშაოებს, დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები.

ამ დილით გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. სტატისტიკურად განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს, ერთი სიახლე გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ იყო ის რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა, ეს იყო ბოლო განახლებული ინფორმაცია" , - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

თემურ მღებრიშვილმა კომენტარი გააკეთა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.

„ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო გამოძიება. საქმე ორი მუხლითაა აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ეს არის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლი და მეორე 240-ე მუხლი.

ნებისმიერი ინციდენტის დროს მყისიერად იწყება გამოძიება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა, ამაში ახალი არაფერი არის და საერთოდ რატომ გაჩნდა ეს კითხვა ჩემთვის გასაკვირია. აქამდე არასდროს დაფიქსირებულა მსგავსი შეკითხვა“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, კომენტარი გააკეთა სტიქიის ღამეს ვერტმფრენების ჩართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით ხეობაში სპეციალური აღჭურვილობის ვერტმფრენსაც გაუჭირდებოდა სამაშველო ღონისძიების განხორციელება.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები