ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ წლევანდელი შედეგით კმაყოფილია. წელს კომპანია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე იყო ორიენტირებული, სადაც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად იზრდება წარმოების მასშტაბიც.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, წელს წარმოებული პროდუქტის მოცულობამ 100 ტონას მიაღწია, როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 70 ტონას შეადგენდა.
მისი თქმით, შიდა ბაზარის საკმაოდ კარგად აითვისეს, ხოლო უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან ექსპორტზე ევროკავშირში გავლენ.
„დაგეგმილი რაც გვქონდა, შევასრულეთ, წლიური წარმოება საშუალოზე უკეთესია და დაახლოებით 100 ტონას შეადგენს. ჯერ კიდევ შიდა ბაზარს ვითვისებთ, ლოკოკინას ხორცის ფილეს ვაწვდით რესტორნებს, მოთხოვნა საკმაოდ აქტიურია. თუკი რამდენიმე წლის წინ ამ პროდუქტს თითქმის არავინ იცნობდა და მომხმარებლის მცირე სეგმენტი გვყავდა, წელს საკმაოდ მაღალია ცნობადობა, ხალხმა შიყვარა პროდუქტი და ინტერესიც უფრო გაიზარდა. განსაკუთრებით ჰორეკა სექტორში ვართ პოპულარული, ძირითადი შემკვეთები რესტორნები არიან", - ამბობს მერაბ ნადარაია.
მისი თქმით, პროდუქციის გარკვეულ ნაწილს შიდა ბაზარზე ყიდიან, ნაწილასაც სამაცივრეში ასაწყობებენ და ექსპორტისთვის ამზადებენ. გადაზიდვები უცხოურ ბაზრებზე 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყება.
ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ ლოკოკინის ფილეს ფასი 15 ევროა.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა. ამ ეტაპზე კომპანიაში 55 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია.
უახლესი