საქართველოს რკინიგზა საკუთარ თანამშრომლებს 3 თვით ისევ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ დააზღვევს, რისთვისაც 2 648 640.11 ლარს გადაიხდის.
ირკვევა, რომ სახელმწიფო კომპანია იძულებულია არსებულ კონტრაქტორთან ხელშეკრულება დროებით გააგრძელოს, რადგანაც ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა და 30 000-მდე თანამშრომელი შესაძლოა, დაზღვევის გარეშე დარჩეს.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, სს „საქართველოს რკინიგზისა“ და მისი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების (შპს „ჯიარ ქონების მართვა“, შპს „ჯიარ ლოჯისტიკა და ტერმინალები“) და ასეთი კომპანიების წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების (შპს „ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი“) თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილები და გერები(0-18 წლამდე) სამედიცინო (ჯანმრთელობის) სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებას Nშს/23-193 03.07.2023წ. სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფთან“ ამა წლის 3 სექტემბრის 00:00 საათზე გასდის მოქმედების ვადა.
„შესყიდვის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ ს.ს. „საქართველოს რკინიგზა“ ათეული წლებია უწყვეტად ახორციელებს ისეთ სოციალურ პროექტს, როგორიცაა კომპანიაში დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების (მეუღლის და შვილების 0-დან 18-წლამდე) სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას.
ამას ისიც ემატება, რომ შესასყიდი სადაზღვევო მომსახურების კომპონენტებად სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად განსაზღვრულია ისეთი მომსახურების შესყიდვა, როგორიცაა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთა უბედური შემთხვევის დაზღვევა, სარკინიგზო ტრანსპორტის მართვასთან და მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პირთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება (საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 11 ივლისის N215 ბრძანების ,,დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალისა და წესის დამტკიცების შესახებ’’), ქვეყნის გარეთ მივლინებულ თანამშრომელთა დაზღვევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების შეწყვეტა გამოიწვევს კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შეფერხებას, რაც ცალსახად აისახება როგორც კომპანიის, ასევე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ შეტყობინებაში.
სადაზღვევო მომსახურების ერთობლივი შესყიდვის მიზნით 2023 წლის 5 აპრილს გამოცხადებულია SPA230000874 ტენდერი, რომელიც ამჟამად შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. აღნიშნული ელექტრონული ტენდერი გასაჩივრდა რამდენჯერმე, ხოლო ამ ეტაპზე აღნიშნული ტენდერის ფარგლებში განხილვის პროცესშია 2 საჩივარი, რის გამოც გამარჯვებულის გამოვლენა ამ ეტაპამდე კვლავ ვერ განხორციელდა.
„სამთვიანი სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ჩავატარეთ ბაზრის კვლევა. ტექნიკური დავალება გაეგზავნა რვა სადაზღვევო კომპანიას. ოთხმა სადაზღვევო კომპანიამ განაცხადა უარი, ორმა სადაზღვევომ არ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთმა სადაზღვევო კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური დავალების პირობები. შესაბამისად, 2023 წლის 5 აპრილს გამოცხადებული ტენდერში (SPA230000874) გამარჯვებულ კომპანიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულების გაფორმებამდე და ძალაში შესვლამდე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლე ვადიანი (არაუმეტეს 3 თვე) ხელშეკრულების გაფორმება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენ სუბიექტთან - სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ -თან სადაზღვევო პრემიის მინიმალური ოდენობა ერთ საოჯახო პაკეტზე თვეში 62 ლარი დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადის გარეშე“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე.
უახლესი