დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკის ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვას ალტერნატივა არ აქვს - „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი

ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაზე გამოიკვეთა, რომ ეკონომიკის ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვას ალტერნატივა არ აქვს - „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი

07-04-2025 03:00:00

ბიზნეს აქტივობა გულისხმობს არამხოლოდ არსებული გამოწვევებისადმი მდგრადობას და გამკლავებას, არამედ მოლოდინების მართვას როგორც მომხმარებლების ასევე ბიზნესის მხრიდან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსიას დაესწრო. 

მისი თქმით, საქართველო დახურული ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ გახლავთ და გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა მასზე მყისიერად აისახება 

„პირველ რიგში დიდი მადლობა ეკონომიკური ფორუმის მესვეურებს ამ ძალიან საინტერესო, პანელური დისკუსიის ორგანიზებისთვის, რომელიც ეხებოდა რეგიონულ პოლიტიკას, ეკონომიკურ ზრდასა და ხელისუფლების როლს. ძალიან მიხარია, რომ "იელთი ჯგუფი" ვიყავით წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე. მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, რომელიც დღეს გაჟღერდა და ძალიან აქტიური იყო ეს არის, რომ ეკონომიკის ზრდასა და ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვას ალტერნატივა არ აქვს და ამ კონტექსტში იყო მოწვეული ასევე ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც თავის მხრივ განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე და განათლების სფეროს ბიზნესთან თანხვედრაზე ისაუბრა. ასევე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა შემოგვთავაზა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები, ციფრები სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკის მიმართულებით სად რა ზრდა ფიქსირდება, რა მაჩვენებლები გვაქვს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარემაც თავის მიმოხილვაში ძალიან აღნიშნა, რომ საარჩევნო წლის დასრულების შემდეგ საარჩევნო დაპირებების განხორციელების პერიოდი იწყება, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ ბიზნეს აქტივობა გულისხმობს არამხოლოდ არსებული გამოწვევებისადმი მდგრადობას და გამკლავებას, არამედ მოლოდინების მართვას როგორც მომხმარებლების ასევე ბიზნესის მხრიდან. ამაზე იყოს საუბარი რა საპროგნოზო მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არ გახლავთ დახურული ეკონომიკური მოდელის ტიპის ქვეყანა, ღია ტიპის ქვეყანა ვართ და რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა მყისიერად აისახება ჩვენზე და ძალიან სენსიტიურები ვართ ამ კუთხით. თუმცა ეს დადებით კონტექსტში უნდა გამოვიყენოთ და იმ გამოწვევებს ძალიან მყისიერად უნდა ვუპასუხოთ და გავუმკლავდეთ.

აქ ასევე გაჟღერდა და საუბარი იყო, რომ ბიზნესი ქმნის დოვლათს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დრო, თუ რა დროში ვახორციელებთ ამ დოვლათის შექმნას. იმ მრავალ გამოწვევას და ფაქტორს შორის რაც აქ გაჟღერდა ჩვენი კომპანიისთვისაც აქტიურია. ეს არის ეროვნული ვალუტის კურსი, მისი მერყეობა, სტაბილურობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს. კვალიფიციური სამუშაო კადრების მიწოდება. ჩვენ ჰოლდინგში მოგეხსენებათ არამხოლოდ სამშენებლო მიმართულებით ვსაქმიანობთ, არამედ გვაქვს ე.წ ჰოსფითალითის მიმართულება, სასტუმრო-მასპინძლობის სფერო, ტურიზმის სფერო.

აპარტამენტების მართვას ვახორციელებთ საერთაშორისო მმართველი კომპანიების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ეს გამოწვევები პირდაპირ აისახება ჩვენზეც. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობით სასტუმრო La Quinta by Wyndham გავხსენით, რომლის ოფიციალურ, გრანდიოზული გახსნის ცერემონია 1 თვეში გველოდება. თუმცა უკვე ფუნქციონირება დაიწყო და სეზონის წინ ჩვენი განაცხადი უკვე დავაფიქსირეთ.

იმ გამოწვევებს შორის რაზეც დისკუსიაზე იყო საუბარი და რომელიც კვალიფიციურ კადრებს ეხება, რა თქმა უნდა ეს ჩვენს კომპანიაზეც აისახება. რასაც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ მდგრადი განვითარება, სტაბილურობა უმნიშვნელოვანესია და არამხოლოდ ეს მყისიერი რეაგირებები, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები, რადგან ბიზნესის ხმა იქნება შესმენილი და მოსმენილი“, - აღნიშნა  „იელთი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა | ხელისუფლების როლი“ იყო.

2025 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი  ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები