„მეწარმეთა შესახებ" ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ფარგლებთან, საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები „მეწარმეთა შესახებ" კანონთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციის ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით გაიმართოს დისკუსია ახალ ნორმებთან და მათ ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ასევე, მოხდეს კონკრეტული შემთხვევების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში, კანონის დაზუსტება.
„ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ სამართლებრივ სივრცეში, ის მიღებულია დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში. ამავდროულად, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან სულაც კანონში მცირე ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს და ამ მიზნით, სამუშაო ფორმატში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა