საქართველო კარგი მაგალითია, როდესაც მცირე ეკონომიკის და პატარა სამომხმარებლო ბაზრის მქონე ქვეყანას შეუძლია შექმნას ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო ეკოსისტემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წლების განმავლობაში მთელი რიგი კომპონენტების გაძლიერება მოხდა, რომლებიც დღეს ერთობლიობაში წარმოადგენს ამ ეკოსისტემას.
„მაგალითად, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჯამურად 2.3 მლრდ მოსახლეობის ქვეყნებთან. ეს არის - ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ-ს ქვეყნები, თურქეთი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან, ინდოეთთან, ისრაელთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ეს არის საგადასახადო გარემო, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა კორპორატიული დაბეგვრის თვალსაზრისით, ეს არის ასევე ბიზნესის კეთების სიმარტივე. ამ ეკოსისტემაში ბევრი კომპონენტია, თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის პროგრესი - ევროკავშირთან როგორც პოლიტიკის ასევე ეკონომიკური დაახლოების, რომელიც 2023 წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებით დაგვირგვინდა და რაც მნიშვნელოვანი დანამატი იქნება იმ პორტფელში, რომელიც წარმოადგენს ჩვენს შეთავაზებას საერთაშორისო ინვესტორებისადმი“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ დღეისათვის უცხოელი ინვესტორების მხრიდან ქვეყანაში ინვესტირების მთავარი სამიზნე მიმართულებებიც დაასახელა. როგორც ირაკლი ნადარეიშვილი აღნიშნავს, ამ სფეროებიდან ექსპორტის მაჩვენებელი წლიდან წლამდე მზარდი დინამიკით ხასიათდება.
„მე გამოვყოფდი ორ ახალ სფეროს, რომელიც საქართველოში თითქმის ნულიდან შეიქმნა, მათ შორის საინვესტიციო მიზიდულობის თვალსაზრისით. ეს არის IT მიმართულება და ეს არის ე.წ. BPO სექტორი - ბიზნეს პროცესების აუტსორსინგი, გარკვეული სერვისების მიწოდება. ეს ორივე საექსპორტო მიმართულებაა. როდესაც IT სექტორზე ვსაუბრობთ, ვერ ვიტყვით, რომ ის საქართველოში არ არსებობდა, მაგრამ მისი ექსპორტი 2016 წელს მხოლოდ 27 მლნ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის მონაცემებით კი 0,5 მლრდ დოლარზე მეტი IT და ტექნოლოგიური პროდუქციის მომსახურების ექსპორტი განხორციელდა. ეს იყო მიზეზი თითქმის 2,5 წლის წინ დაწყებული რეფორმისა - როდესაც სპეციალური სტატუსი შემოვიღეთ და რასაც მოყვება სპეციალური საგადასახადო რეჟიმი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. დღეს საქართველოში 100-ზე მეტი ასეთი დიდი კომპანია ოპერირებს. 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი ჯამურად ამ ორ სფეროში და ეს არის მაღალანაზღაურებადი, მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილები. სწორედ ეს არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფოს მიზანი - როგორც კომპანიების, ასევე დარგობრივი თვალსაზრისით, რომ შევქმნათ რაც შეიძლება მეტი მაღალანაზღაურებადი და მაღალტექნოლოგიური სამუშაო. ასევე განვახორციელოთ იმ ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი, რაც უცხოურ ინვესტიციებს მოაქვს - არამხოლოდ ფინანსური ნაკადები, არამედ ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიები“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება