ჩვენი კომპანიის მაგალითზეც გეტყვით, რომ სადაზღვევო პროდუქტებს შორის სამოგზაურო დაზღვევაზე მოთხოვნა კოლოსალურად იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნინა კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ბოლო პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის ბაზარი ქვეყანაში მზარდია.
„სამოგზაურო დაზღვევის მიმართულება საკმაოდ მზარდი და მოთხოვნადია. იცით, რომ ჩვენი მოქალაქეები გადიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით ახლა, ევროპის ჩემპიონატის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა, რადგანაც 40-50 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი და მიხარია, რომ ეს ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და სამოგზაურო დაზღვევის გარეშე ქვეყანას არ ტოვებენ.
სამოგზაურო დაზღვევის ბაზარი საკმაოდ მზარდია. ჩვენ ფეხს ვუწყობთ იმ მოთხოვნებს და საჭიროებებს რომელიც ადამიანებს ამ ნაწილში სჭირდებათ, ეს იქნება ლიმიტები, სხვადასხვა კლინიკები, ფრანშიზები თუ ასე შემდეგ. ჩვენი კომპანიის მაგალითზეც გეტყვით, რომ სადაზღვევო პროდუქტებს შორის სამოგზაურო დაზღვევაზე მოთხოვნა კოლოსალურად იზრდება“, - აცხადებს ნინა კობახიძე.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 8%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევიდან 2 617 583 ლარი მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 419 839 ლარი.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში 28 594 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით ნაკლებია, რადგანაც 2023 წლის სამ თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 29 285 ლარი შეადგინა.
არსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის პირველ კვარტალში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 2 617 583 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 28 594 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 1%-მდე დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა