„გაბრიელისა და ნუცას“ პასკებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა.
როგორც Business Insider Georgia-ს ახალგაზრდა და გამოცდილი შეფის ნუცა სურგულაძისა და მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი შეფის გაბრიელ მაგუბ-ის ერთობლივ კომპანია „მარანას“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა სურგულაძემ განაცხადა, წელს გაბრიელისა და ნუცას პასკების გამოცხობა აღდგომამდე 3 კვირით ადრე დაიწყეს და გასული წლისგან განსხვავებით ასორტიმენტიც გაამრავალფეროვნეს.
ანა სურგულაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით კომპანია საკმაოდ გაფართოვდა, საკუთარი, თანამედროვე ტექნოლოგებით აღჭურვილი სამზარეულოც აქვს და ამ ფონზე გაჩნდა შესაძლებლობა უფრო მეტი შეკვეთა მიიღოს და მეტი მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
გაბრიელსა და ნუცას გასულ წელს სხვა პარტნიორები ჰყავდათ და მათთან ერთად აწარმოებდნენ პასკებს.
2022 წელს 2 კვირის განმავლობაში 2 500 პასკა გამოაცხეს, თან წარმოება და ასორტიმენტიც ნაკლები ჰქონდათ. წელს საკუთარი სამზარეულო და საუკეთესო ინვენტარი აქვთ და გადაწყვიტეს, რომ უფრო მაღალ წარმადობაზე გავიდნენ.
„პასკების ცხობა აღდომის დღესასწაულამდე სამი კვირით ადრე დავიწყეთ. შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს უკვე ადგილზე მიგვქონდა პროდუქცია. საკმაოდ მაღალია შეკვეთების წილი და წინ კიდევ 2 კვირაა. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ გასული წლის მონაცემებს გავაუმჯობესებთ“, - განმარტავს ანა სურგულაძე.
მისი თქმით, წელს „გაბრიელისა და ნუცას“ პასკების 5 სახეობა იწარმოება.
„წარმოდგენილები ვართ რამდენიმე ობიექტზე და გაქვს 5 სახეობის პასკა. კლასიკური, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადია, ასევე შოკოლადითა და ფორთოხლით. გვაქვს ასევე კარამელიზებული მიწის თხილით, ქიშმიშითა და გოგრით, ანუ პასკას შიგნით კარამელიზირებული გოგრა აქვს, რაც პასკას საოცრად არომატიზირებულ, პიკანტურ გემოს აძლევს. ასევე გაქვს კაკლის მურაბის პასკა. გეტყვით, რომ ჩვენი პასკები ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვლილი“, - ამბობს ანა სურგულაძე.
„გაბრიელისა და ნუცას“ პასკების ფასები 19 ლარიდან იწყება და 32 ლარამდეა. უფრო კონკრეტულად, 19 ლარი ღირს 0,5 კგ-იანი პასკა, 0,8 კგ-იანი კი 32 ლარი. 0.8 კგ-იანი კლასიკური პასკის ფასი 26 ლარია.
„მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შედარებით დემოკრატიული ფასები გვქონოდა“,- აცხადებს კომპანია „მარანას“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.
„გაბრიელისა და ნუცას“ პასკების შეძენა, შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით და ადგილზე მიწოდების სერვისით სარგებლობა. ასევე პასკები იყიდება „ბაზარი ორბელიანზე“, აბაშიძის 56-ში მაღაზია „არეაში“ და სხვადასხვა სუპერმარკეტების ქსელებში.
უახლესი