დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ სექტორებში გაუმჯობესდა და გაურესდა ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი - BAG

რომელ სექტორებში გაუმჯობესდა და გაურესდა ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი - BAG

05-04-2023 14:16:54

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, BAG ბიზნეს კლიმატი 2.4 ქულით გაუმჯობესდა.

აღნიშნულ პერიოდში, გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა 1.0 ქულით, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი გაუმჯობესდა 3.9 ქულით. 2023 წლის I კვარტლის შედეგები, გაუმჯობესებულია 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, როდესაც BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 34.6-ს, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 18.1-ს, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის ქულა 52.3-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია და უმჯობესდება. 2021 წლის I და II კვარტლებში აღნიშნულს ძირითადად განაპირობებდა მომდევნო 6 თვის ოპტიმისტური მოლოდინი. თუმცა 2021 წლის III კვარტლიდან BAG ბიზნეს კლიმატის დადებით მაჩვენებელს ოპტიმისტურ მოლოდინთან ერთად, ასევე, განაპირობებს გამოკითხული კომპანიების უმრავლესობის მიერ მიმდინარე მდგომარეობის დადებითი შეფასება. 

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტლის მსგავსად, BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ბუმის ფაზაში იმყოფება.

BAG ბიზნეს კლიმატი სექტორების მიხედვით

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია.

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესდა მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში გაუარესდა

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში, ხოლო მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში გაუარესდა.

სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად შეფასდა ვაჭრობის სექტორის მიერ. აღნიშნულს შესაძლოა, განაპირობებდეს სექტორში გაზრდილი გაყიდვები (ვაჭრობის სექტორში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა (38.9%) დააფიქსირა 2023 წლის I კვარტალში გაყიდვების ზრდა).

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2023 წლის I კვარტალში, მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის.

სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, მშენებლობის (-3.9 ქულით) და ვაჭრობის (-1.6 ქულით) სექტორებში მაჩვენებლის მცირედი გაუარესება შეინიშნება, ხოლო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული (27.5 ქულით) მრეწველობის სექტორში.

რაც შეეხება მომსახურების სექტორს, ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი მცირედით (2.1 ქულით) არის გაუმჯობესებული.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების1 მმართველი მენეჯერების შეფასებას BAG ბიზნეს კლიმატის, BAG დასაქმების ბარომეტრის და BAG საინვესტიციო გარემოს შესახებ. პიემსი კვლევითი ცენტრი BAG ინდექსს აქვეყნებს ყოველკვარტალურად.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები