დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ გამოვიყენოთ STEM ცოდნა ყოველდღიურობაში – სკოლის სტიპენდიანტის, რუსლან ჯიჯავაძის გამოცდილება

როგორ გამოვიყენოთ STEM ცოდნა ყოველდღიურობაში – სკოლის სტიპენდიანტის, რუსლან ჯიჯავაძის გამოცდილება

10-07-2024 14:03:00

STEM სკოლის პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით წამოიწყო, უფროსკლასელებს მთელი საქართველოს მასშტაბით აძლევს  იმის შესაძლებლობას, განათლება მიიღონ ტექნიკურ საგნებში და თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნა დააგროვონ. STEM სკოლა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სხვადასხვა ქვედარგებს მოიცავს – სწორედ ამ ძირითადი საგნების ათვისებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლოდ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ, მანამდე კი ეს ცოდნა ყოველდღიურობაშიც გამოიყენონ.

თავის გამოცდილებებსა და დაკვირვებებს STEM სკოლის ერთ-ერთი სტიპენდიატი– რუსლან ჯიჯავაძე გვიზიარებს. 16 წლის რუსლანი ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლობს.

,,STEM სკოლის შესახებ ერთი წლის წინ გავიგე, როდესაც ჩემი მეგობარი  მასში სრული დაფინანსებით მოხვდა. გარდა ამისა, ხშირად მხვდებოდა სკოლის რეკლამაც და ფიზიკის მასწავლებლებიც დადებითად ახასიათებდნენ STEM გაკვეთილებს. ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დამეწერა ჩასაბარებელი ტესტი, რომელიც წარმატებით გავიარე. საბოლოოდ კი, მოვხვდი სკოლაში და სტიპენდიაც მივიღე.”

როგორც რუსლანი აღნიშნავს, STEM-დან მიღებული ცოდნა სკოლის გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარება, განსაკუთრებით კი ფიზიკის დავალებების გაკეთებაში. 

,,STEM სკოლაში ჩემი ჩაბარების მთავარი მოტივაცია ცოდნის გაღრმავება იყო ფიზიკისა და პროგრამირების მხრივ. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკაც და ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ ხოლმე მას.” 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ STEM საგნების შესწავლა არაერთი მნიშნელოვანი უნარის განვითარებას უწყობს ხელს – ეხმარება მოსწავლეებს კომპლექსური პრობლემებისა და რთული სიტუაციების გადაჭრაში, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გუნდურ მუშაობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით მნიშნელოვანია უფროსკლასელებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებასა და  პროფესიული არჩევანის გაკეთებას ახლა იწყებენ.

STEM საგნებში მიღებული გამოცდილება, პირველ რიგში, ბავშვებში აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს – ასწავლის და უნვითარებს უნარს, როგორ არ დანებდნენ ადვილად და როგორ იპოვონ რთული პრობლემების მარტივად გადაჭრის გზები. გაკვეთილებიდან ნასწავლი ეს პატარ-პატარა ხერხები, ხრიკები თუ გამოცდილებები, სამომავლოდ არამხოლოდ პროფესიულად გამოადგებათ, არამედ ყოფით საკითხებშიც. სწორედ ამას უსვამს ხაზს რუსლანიც: 

,,STEM სკოლაში მიღებული ცოდნა ხშირად გამოგვადგება ხოლმე ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში, რადგან ჩვენ ვსწავლობთ იმას, თუ როგორ გავიყვანოთ ელექტრო გაყვანილობები, ასევე ვსწავლობთ სხვადასხვა გაჯეტების აგებულებას. აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მათი შეკეთება. გარდა ამისა, ამ ცოდნით შევძლებთ ბევრი ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და საინტერესო ბიზნესის წამოწყებას.”

STEM სკოლის გაკვეთილებზე მოსწავლეები წერენ კოდებს, აწყობენ საკუთარ ვებგვერდებს, იღებენ მონაწილეობას კონკურსებში და ცდილობენ ახალი იდეების განხორციელებას. ყველაზე მნიშნელოვანი კი ის არის, რომ ფიქრისა და აზროვნების ეს უშრეტი პროცესი მუდმივად გრძელდება –  რაღაც ახლის აღმოჩენისა და მოლოდინის სურვილი გაკვეთილების დასრულებასთან ერად არ წყდება. ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, რასაც რუსლანიც აღნიშნავს.

,,ძალიან კარგია ისიც, რომ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მასწავლებლები  გვყავს აჭარაში -შემოაქვთ  ბევრი ახალი სასწავლო მეთოდი, იყენებენ ტექნოლოგიებს და ასევე გვაძლევენ ბევრ მნიშვნელოვან წიგნსა თუ დავალებას, ძალიან საინტერესოდ ხსნიან გაკვეთილებს და ყველა მოსწავლეს რთავენ პროცესში.”

,,ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო.” ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის და ალბათ ყველაზე ზუსტად გამოხატავს STEM სკოლის მთავარ მიზნებსა და პრინციპებსცოდნის მიღების პარალელურად, დაეხმარონ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმოსახვის უნარის განვითარებაში, რაც სამომავლოდ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები