საქართველოს ფოსტა აცხადებს, რომ ტარიფების საშუალოდ 15%-იანი ზრდა მოახდინა, რასაც საბაზრო ეკონომიკური პირობებით ხსნის.
„საქართველოს ფოსტა ეხმაურება კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეეხება ტარიფების ცვლილებას.
კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა და უწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს ფოსტა ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას“, - აღნიშნულია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 3 იანვრიდან საქართველოს ფოსტამ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა.
საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. ასევე გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ახლა 14 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც საქართველოს ფოსტის ცხელ ხაზზე ამბობენ, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს 14 ლარია.
გაზრდილია საერთაშორისო ტარიფებიც. მაგალითად, აშშ-ს მიმართულებით 1 კილოგრამი ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი