საექსპორტო ღვინის ხარისხს ისევ რამდენიმე ლაბორატორია შეამოწმებს. ამ მიზნით კი ღვინის ეროვნული სააგენტო 250 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს, რათა საექსპორტოდ გამზადებული ღვინის ხარისხის შემოწმება და ფალსიფიცირების მინიმუმამდე დაყვანა გააგრძელოს.
სააგენტოს ცნობით, „ღვინის ლაბორატორიული კვლევა“ ითვალისწინებს ქართული ღვინოპროდუქციის ლაბორატორიულ კვლევას. ამის მიზანი კი საქართველოში მეღვინეობის განვითარება და ღვინის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლის განხორციელება, რისთვისაც სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ჯამში 700 000 ლარი, ხოლო სსიპ - ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 633 000 ლარის მოცულობის სახელმწიფო შესყიდვა.
თუმცა ინსპექტირების შედეგად ამოღებული ნიმუშების სიმრავლის გამო აღნიშნული თანხა სრულად იქნა ათვისებული, აქედან გამომდინარე შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დამატებით იქნა მობილიზებული 250 000,00 ლარი. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის საექსპორტო პარტიებზე მიმდინარეობს სისტემატური მონიტორინგი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფალსიფიცირების რისკი. შესაბამისად, საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის თითოეული პარტიიდან ხორციელდება აღებული ნიმუშების რამდენიმე აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმება.
როგორც ცნობილია, საქართველო მსოფლიოში უკვე აღიარებულია ღვინის სამშობლოდ. აგრეთვე, საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც პრესტიჟთან ერთად, წარმოებული პროდუქციის ხარისხზე მკაცრი კონტროლის მოთხოვნებს და მისი განხორციელების მექანიზმებს გულისხმობს.
„წინა წლებში დაგროვილი დადებითი შედეგების გათვალისწინებით, სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს, ალკოჰოლიანი სასმელისა და წარმოშობის სპირტის ხარისხის კონტროლის განხორციელებისას, რაც ითვალისწინებს ლაბორატორიის მიერ გაცემული დოკუმენტების და სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტების იდენტიფიკაციას, კვლავაც მიზანშეწონილი იქნება არჩევანი შეაჩეროს არა ერთ, არამედ რამდენიმე აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიაზე.
ზემოხსენებული ხელს შეუწყობს პროცესის ობიექტურად და გამართულად წარმართვას, უზრუნველყოფს სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, ასევე ხელს შეუწყობს ალკოჰოლიან სასმელისა და სპირტის ხარისხის შეფასებისას ობიექტური სურათის მიღებას.
ვინაიდან ალკოჰოლიანი სასმელებისა და სპირტის ექსპორტი იზრდება ყოველწლიურად, შესაბამისად იზრდება სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ნიმუშების ოდენობაც, რაც პირდაპირ კავშირშია განსახორციელებელი კონტროლის რაოდენობის ზრდასთან. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოში არსებული ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი რიგ შემთხვევაში კონტროლის განსახორციელებლად, სააგენტო გეგმავს მონაცემთა შეკრება-ანალიზისთვის ჩართოს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რითაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება პროცესის, როგორც გამჭვირვალობა, ასევე სანდოობა. გამომდინარე იქიდან, რომ სატენდერო პროცედურების შესაბამისად ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან, ხოლო ღვინის კომპანიები სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად თვითონ ირჩევენ ლაბორატორიას, ჩვენს მიერ ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში შეგვეძლება მათ მიერ წარმოდგენილი შედეგების გადამოწმება, რაც თავისთავად ამცირებს კონტროლის მექანიზმის ეფექტურობას“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს წერილში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, რითაც ღვინის სააგენტო გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობის დასაბუთებას ახდენს.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება