ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში ვიზიტორების სტატისტიკა მზარდია.
როგორც Business Insider Georgia-s მუზეუმის დირექტორმა ანზორ (დავით) ოყუჯავამ განაცხადა, 2023 წლის 1 კვარტალში მუზეუმს 15%-ით მეტი დამთვალიერებელი სტუმრობდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 49 ათასზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ვიზიტპრებიდან 20 573 სტუდენტი და მოსწავლე იყო, ხოლო ზრდასრულ ვიზიტორთა რაოდენობამ 20 949 შეადგინა, საიდანაც 3 241 უცხოელი იყო.
მუზეუმის დირექტორის განმარტებით, ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ყველაზე აქტიური თვეებია: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი.
„რაც შეეხება 2021 წელს, ფაქტობრივად ეს იყო პირველი პოსტპანდემიური წელიწადი და ამ წელის 2022 წელთან შედარება არარელევანტური იქნება. თუმცა გეტყვით, რომ 2021 წელს 18 ათასამდე სტუმარი გვყავდა. 2020 წელს საერთოდ 7 500 სტუმარს ვუმასპინძლეთ, ხოლო 2019 წელს გვყავდა 29 379 სტუმარი. რაც პანდემიამდე მაქსიმალური რაოდენობა იყო.
2020 წელი პანდემია იყო და 7 500 სტუმარს მოვემსახურეთ, 2021 წელს ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებლებს მაინც ვერ მიაღწია.
2022 წელს სრული დატვირთვით ამუშავდა მუზეუმი და სტატისტიკაც აჩვენებს, რომ 49 ათასზე მეტ სტუმარს მოვემსახურეთ. ეს არის იმ სტუმართა რაოდენობა, ვინც ჩვენთან ბილეთი შეიძინა. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს უსასყიდლოთაც ვემსახურებით, ესენი არიან სოციალურად დაუცველები, არის გარკვეული პროგრამების მიხედვით.
მაგალითად 2022 წელს 800-მდე მოსწავლე სრულიად უსასყიდლოდ მივიღეთ. ანაკლიაში ბანაკში იყვნენ ჩამოსულები, იმ ორგანიზაციამ ჩვენთან ხელშეკრულება გააფორმა და კულტურის სამინისტროს თანხმობით ამ მოსწავლეებს უფასოდ მოვემსახურეთ. თუმცა ეს სტატისტიკაში ასახული არ არის. სტატისტიკაში ასახულია იმ სტუმრების შესახებ ინფორმაცია, ვინც ფული გადაიხადა“, - განმარტავს ანზორ ოყუჯავა.
რაც შეეხება ტარიფებს ამჟამინდელი სატარიფო განაკვეთები ასეთია: ექსკურსია, ექსკურსია-მძღოლის თანხლებით ერთი გამოფენის ფარგლებში 10 ლარია. ეს ტარიფი მოქმედებს, როგორც ქართულენოვან ასევე ინგლისურენოვან და რუსულენოვან ექსკურსია მძღოლების სერვისის შემთხვევაში. მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 1 გამოფენის ფარგლებში 5 ლარი ღირს. სულ მოქმედებს 2 მუდმივი გამოფენა და ასევე არის, დროებითი, მესამე გამოფენა, რომელზედაც ფასი განსხვავებულია.
ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი „ბიზნეს ინსაიდერთან“ განმარტავს, რომ უკვე წარდგენილი აქვს პროექტი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და თუ მისი გეგმა იქნება დამტკიცებული, მაშინ 1-ლი აგვისტოდან ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ღირებულება გაიზრდება.
„თუ ჩემს სქემას დათანხმდნენ ბილეთის ფასი 60%-ით გაიზრდება, ანუ 5 ლარიანი ბილეთი გახდება 8 ლარი. რაც შეეხება ექსკურსიას, ექსკურსია მძღოლის მომსახურებას ახლა თუ ღირს 10 ლარი, ქართულენოვანი ექსკურსია- მძღოლის შემთხვევაში გახდება 15 ლარი, ხოლო რუსულ და ინგლისურენოვანი ექსკურსია მძღოლის შემთხვევაში კი 25 ლარი“, - ამბობს ოყუჯავა.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ დროისათვის მუზეუმის ფონდსაცავში მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო 2024 წელს დაიწყება საგამოფენო ცენტრის რეაბილიტაცია.
„ამერიკული გრანტის ფარგლებში მუზეუმის ფონდ საცავებში მიმდინარეობს რეაბილიტაცია და 2023 წელს მოხდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში დედოფლისეული ფონდ საცავების მატერიალურ-ტექნიკური რეაბილიტაცია. ანუ ის თანამედროვე სტანდარტებს დაექვემდებარება და აღიჭურვება, როგორც ეს თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. 2024 წელს კი იგეგმება რამდენიმე საგამოფენო ცენტრის რეაბილიტაცია. წელს ისეთი სახის ინფრასტრუქტურული ცვლილება, რაც დამთვალიერებლისთვის იქნება თვალსაჩინო არაფერი არ იგეგმება“, - განმარტავს ანზორ ოყუჯავა.
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 70-იანი წლები) კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებს, მუზეუმის კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს : ძვ. წ. I ს. – ახ. წ. ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიურ მასალას, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექციას, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიებს, XV-XIX ს-ის ხელნაწერ წიგნებს და სიგელ-გუჯრებს, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკას, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშებს, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოებს, ფოტოფონდს, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელს და სხვა.
მუზეუმის კომპლექსში შემავალ ორივე სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს და კარის ეკლესიას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის # 3/44 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
უახლესი
3 საათის წინ
ოქტომბერში ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა