ციტრუსებისა და ბროწეულის ფრეშების შემდეგ ,,რე-ფრეშმა" (Re-Fresh) ქართველ მომხმარებელს ფრეშების ბაზაზე დამზადებული ლიმონათი შესთავაზა, ახლა კი ბაზარზე ცალკე ბრენდად „სირუპო“ და ბიტერი გამოაქვს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა სალომე ინაძემ განუცხადა.
„დავამატეთ ახალი პროდუქტები - „სირუპო“, ცალკე ბრენდი. ამ ეტაპზე გვაქვს ციტრუსების მიქსი, ბროწეულის მიქსი და ქაცვის სიროფები. არის ძალიან კონცენტრირებული. სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება „სირუპოს“, გამოყენება. კერძოდ, როგორც ალკოჰოლურ, ისე არა ალკოჰოლურ სასმელებში, ასევე კულიანარიასა და საკონდიტრო წარმოებაშიც.
ასევე გვაქვს ბიტერი. ეს არის ალკოჰოლზე დამზადებული ნაყენები. პროდუქტი შეიქმნა იმისთვის, რომ გვინდოდა ლიმონათში ყველა ინგრედიენტი ნატურალური ყოფილიყო. ექსტრაქტი ასევე შეიცავს სხვადასხვა სპეციებსა და ცედრებს. შემდეგ ბიტერი დაიხვეწა და გადავწყვიტეთ ცალკე პროდუქტად გამოგვეშვა. ესეც როგორც სიროფი, გამოიყენება საკვებში, საკონდიტრო წარმოებაში. გვაქვს საცალო გაყიდვები ონლაინ. პროდუქტის ძირითადი მომხმარებელია ჰორეკა სექტორი“, - ამბობს სალომე ინაძე.
„რე-ფრეშის“ ბრენდით ამ ეტაპზე 8 სახის ლიმონათი და ნატურალური წვენები იწარმოება. კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს გახსნის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის ინტერესებშია პოზიციების გამაგრება მეზობელი ქვეყნების, ევროკავშირისა და აშშ-ს ბაზრებზე.
უახლესი
5 საათის წინ
"ფრუტერა" 2025 წელს ექსპორტზე გასვლას გეგმავს