როგორ მიმდინარეობს სატრანსპორტო რეფორმა თბილისში და როდის განეიტრალდება საცობების პრობლემა. რამდენი სწრაფი სატრანსპორტო დერეფანია თბილისში, რა ეფექტი აქვს 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას და რა სიახლეებს გეგმავს დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეფიციტისა და ლოდინის რეჟიმის შესამცირებლად, ამ და სხვა საკითხებზე Business Insider Georgia თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს ესაუბრა:
1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა. თუ განხორციელდა მონიტორინგი და როგორია პირველადი შედეგები, რა ეფექტი აქვს ამ გადაწყვეტილებას?
მოგეხსენებათ, როგორც ზონალურ-საათობრივი, ისე რეგულარული პარკირების არეალების მონიტორინგი ყოველდღიური პროცესია, რაც წერეთლის გამზირზეც ხორციელდება. ისევე, როგორც სხვა ქუჩების შემთხვევაში, ზონალური საპარკინგე არეალების გაჩენით, საპარკინგე სივრცეები წერეთლის გამზირზეც მოწესრიგდა და ავტომობილის გაჩერება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე სხვა მგზავრებისთვის უფრო კომფორტული გახდა.
ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ქალაქის მთავარ გამზირებსა თუ ქუჩებზე - ტროტუარები, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი, საპარკინგე არეალად იყო გადაქცეული, რის გამოც, გადაადგილება ჭირდა, განსაკუთრებით, ეტლით მოსარგებლეებისთვის. ამიტომ, ყველა ქუჩაზე, სადაც ძირეულ რეაბილიტაციას ვახორციელებთ, თანაბარი ყურადღება ეთმობა როგორც ქვეითებს, ისე ავტომობილებითა და ეკომეგობრული ტრანსპორტით მოსარგებლეებს.
ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უფასოა, ხოლო სხვა შემთხვევაში, ერთი საათის ღირებულება შეადგენს ერთ ლარს. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, პარკირების მონიტორინგი ერთჯერადი აქტივობა არ არის. ყოველდღიური დაკვირვების შედეგად, საპარკინგე ადგილები ეწყობა ყველგან, სადაც ავტომობილის გაჩერება ხელს არ უშლის საგზაო მოძრაობის რომელიმე მონაწილეს, არ ფარავს საგზაო ნიშნებს და ქვეითების გადასასვლელებს. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ კანონი გამონაკლისის დაშვებას არ ითვალისწინებს. ყველგან, სადაც ავტომობილის პარკირება მოქალაქეთა უსაფრთხოებას ზღუდავს, კანონით გათვალისწინებული ზომები ტარდება.
ხშირად გვსაყვედურობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილის პარკირებით ხელს არავის უშლიდნენ და მონიტორინგის თანამშრომელმა მძღოლი მაინც დააჯარიმა. მინდა განვმარტო, რომ პარკირების წესები დეტალურად არის გაწერილი შესაბამისი კანონმდებლობით და ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნული კანონმდებლობა აღვასრულოთ. თუ სატრანსპორტო საშუალება კანონით დადგენილი საზღვრების მიღმაა პარკირებული, მონიტორინგის თანამშრომელი უფლებამოსილია, გამოწეროს ჯარიმა და რიგ შემთხვევაში - ავტომობილი გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ შევაფერხოთ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები, რადგან მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.
თბილისის რამდენ უბანში მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება და კიდევ სად იგეგმება ამ წესის შემოღება?
ამ ეტაპზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება მოქმედებს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და დიდუბის რაიონების ძირითად ქუჩებსა და გამზირებზე; სამგორის რაიონში - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანის რაიონში - მუხიანის გადასახვევის მიმდებარედ; ისნის რაიონში - ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ; ჩუღურეთის რაიონის გარკვეულ ქუჩებსა და აბანოთუბანში.
სატრანსპორტო რეფორმა უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა დედაქალაქში კვლავ მწვავედ დგას საცობების პრობლემა. როდის იგრძნობს თბილისის მოსახლეობა სატრანსპორტო რეფორმის შედეგებს?
ვფიქრობთ, სატრანსპორტო რეფორმის შედეგების ავტომატურად დაკავშირება ე.წ. საცობების პრობლემასთან არ არის სწორი და მოსახლეობაში გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. სატრანსპორტო რეფორმა თბილისში არაერთი მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მისი კონკრეტული შედეგების გამოცდა მგზავრებსა და სისტემის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ სხვადასხვა მიმართულებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელი; გაზრდილი ტერიტორიული დაფარვა და მისაწვდომობა; ერთიანი ტარიფი და გადახდის მოქნილი საშუალებები; განახლებული საავტობუსო პარკი; სატრანზიტო დერეფნების ამოქმედება, სადაც ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები მოძრაობენ; განახლებული და მდგრად გადაადგილებაზე მორგებული ქუჩების და ძირითადი კვანძების დიზაინები, მეტი საფეხმავლო და საჯარო სივრცეებით, ველობილიკებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლებით; მეტროს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა და შემცირებული მოლოდინის დრო; ტაქსის სისტემის მოწესრიგება; ზონალური პარკირების შემოღება და მიმდინარე იმპლემენტაცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ საქმიანობის, რომელიც გასულ წლებში დაიწყო და დღესაც გრძელდება.
დამატებით აღსანიშნავია, ის ადმინისტრაციული და სტრატეგიული რეფორმები, რომლებიც პარალელურად განხორციელდა - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შექმნა, ქალაქის პირველი ხანგრძლივვადიანი სატრანსპორტო გეგმის შემუშავება და ა.შ. ასევე, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც გულისხმობს „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის (ITS) დანერგვასა და არსებული სისტემის განახლებას. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგვცემს ნაკადების მართვისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობას, რაც ვფიქრობთ, ქუჩების გამტარუნარიანობას გაზრდის და გადაადგილების დროს შეამცირებს.
საცობების ერთ-ერთ მიზეზად დედაქალაქში მანქანების რაოდენობის ზრდა დასახელდა. რატომ არ ამბობენ თბილისის მცხოვრებნი უარს საკუთარ ავტომობილებზე და არ ირჩევენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, როცა რეფორმის ერთ-ერთი მიზანი ეს არის და საცობების შემცირების წინაპირობადაც სახელდება?
როგორც უკვე აღვნიშნე, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება გრძელვადიანი პროცესია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს. მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 60%-ს, არ ჰყავს ავტომობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელია. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის კომფორტის გაზრდა, ასევე, ქალაქში არსებული საგზაო სივრცეების ისე გადანაწილებაა, რომ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს თანაბარი პირობები შევუქმნათ.
მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რასაც თბილისმა, ისევე როგორც მდგრად გადაადგილებაზე ფოკუსირებულმა მსოფლიოს ნებისმიერმა ქალაქმა, უნდა უპასუხოს განახლებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მოწესრიგებული პარკირებით და რეაბილიტირებული ქუჩებით, უკეთესი საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურით. ავტომობილების გაჩერებას არავის ვაიძულეთ. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს, შევუქმნათ გადაადგილების სხვადასხვა ალტერნატივა, კომფორტული ტრანსპორტის, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში კი, მოქალაქე თავად გააკეთებს არჩევანს, თუ რით გადაადგილდეს და რა მიზნით.
თქვენი შეფასებით, არის თუ არა დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ დონეზე გამართული, რომ მოქალაქეებმა უარი თქვან საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებაზე?
როგორც აღვნიშნეთ, მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, ყველა მოქალაქეს შეეძლოს იმ საშუალებით გადაადგილება, რომელსაც უფრო ხელსაყრელად მიიჩნევს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები კომფორტის გაზრდასა და გადაადგილების დროის შემცირებას ემსახურება. განხორციელებული რეფორმები და მდგრადი მობილობის სამომავლო მიზნები მოგვცემს საშუალებას, არსებული მიღწევები ყოველდღიურად გაიზარდოს და კიდევ უფრო დაიხვეწოს.
თქვენ განაცხადეთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დააანონსებდით ახალ პროექტებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის უფრო მეტი ზოლი დაიხაზებოდა. რა პროექტების დაწყებას გეგმავთ და 2024 წლის ბოლომდე რა მოცულობას მიაღწევს ზოლების მოცულობა?
იგეგმება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დიზაინის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა. გარდა ამისა, ვგეგმავთ გულიას მოედნის განახლება-რეაბილიტაციასა და საგზაო მოძრაობის ცვლილებას. ამავე პროექტის ფარგლებში, მზადდება დიზაინი დიმიტრი გულიას სახელობის ხიდისა და ბერი გაბრიელ სალოსის მოედნისთვის.
აღნიშნული პროექტების პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებზე მარშალ გელოვანის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნისთვის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების, ე.წ. ბასლეინების მოწყობაა დაგეგმილი.
რეფორმით გათვალისწინებული იყო 10 სწრაფი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა. ამ დროისთვის რამდენია შექმნილი, როდის დასრულდება და რა ეფექტს ელოდებით?
ქალაქში 10 ძირითადი სატრანზიტო დერეფნის შექმნის მიზანია, მგზავრები 12 და 18-მეტრიანი ავტობუსების საშუალებით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, დაინტერესების წერტილებთან, მიზიდულობის ცენტრებთან და სატრანსპორტო კვანძებთან გადაიყვანოს.
მოგეხსენებათ, დედაქალაქში უკვე მოქმედებს ოთხი მარშრუტი, რომელსაც 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება. სხვა მარშრუტები, რომლებიც მგზავრთნაკადზე დაკვირვებისა და საფეხმავლო მანძილების ანალიზის შედეგად შეირჩა, მიმდინარე წელს შესაბამისი ხაზებისთვის შეძენილი ავტობუსებით შეივსება. კერძოდ, 110 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე შესყიდულია და დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი კი, რომელიც დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია. გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“, ერთი წლის განმავლობაში, MAN-ის მარკის, ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსებს მოგვაწვდის.
პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შერჩეულ დერეფნებში შემავალ ქუჩებსა და კვანძებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მათი უმრავლესობა ფუნდამენტურ ცვლილებებს და სხვადასხვა სისტემის განახლებას საჭიროებს, რაც დამატებით ძალისხმევას, შესაბამისი სამსახურებისა თუ კომპანიების ჩართულობას მოითხოვს. დერეფნების იმ ნაწილებში კი, სადაც ზემოხსენებული სამუშაოები დასრულებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე სარგებლობს პრიორიტეტით და შეუფერხებლად გადაადგილდება, რაც იძლევა საშუალებას, მოცდის ინტერვალი შემცირდეს, მოძრაობის დრო აჩქარდეს და ტრანსპორტში ასვლის პრობლემა აღმოიფხვრას.
თბილისის მერის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ დაჩქარდებოდა მოცდის დრო, განიტვირთებოდა საცობები და აღარ იქნებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტში ასვლის პრობლემა. რას აჩვენებს მონიტორინგი? რა მიმართულებით გამოსწორდა ვითარება და ამ დროისთვის რამდენი 18 მეტრიანი ავტობუსია შემოყვანილი თბილისში და გადაადგილდება დედაქალაქში? კიდევ რამდენის შემოყვანა იგეგმება?
იმ ოთხ პრობლემურ მარშრუტზე, სადაც დღის განმავლობაში, დაახლოებით, 55 000 მგზავრობა ფიქსირდება, გადანაწილებულია ქალაქში შემოყვანილი 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ერთ 18-მეტრიან ავტობუსს, 12-მეტრიანთან შედარებით, 86%-ით მეტი მგზავრი გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოთხი მიმართულებით, გზების გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. გამტარუნარიანობა იზომება არა იმით, თუ რამდენ ავტომობილს ატარებს ესა თუ ის ქუჩა, არამედ იმით, თუ რამდენი მგზავრი გადაადგილდება დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, 50 ავტობუსის შემოყვანის შედეგად, მანამდე არსებული რესურსი გადანაწილდა 24 სხვადასხვა სხვადასხვა მარშრუტზე, რამაც მოლოდინის დრო მკვეთრად შეამცირა. მიუხედავად ამისა, კვლავ გვრჩება პრობლემური კვანძები, რადგან ქალაქში არსებული ე.წ. საცობების გამო, ტრანსპორტი ხშირ შემთხვევაში, ჩვენს მიერ დადგენილ ინტერვალს სცდება, რის გამოც მოლოდინის დრო და გაჩერებაზე მომლოდინე მგზავრთა რაოდენობა იზრდება. დამატებითი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, ანალიზის შედეგად, დამატებითი მარშრუტების დანიშვნის და არსებულის გაუმჯობესებაზე იმსჯელებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსი გადავანაწილოთ ისე, რომ არცერთი ქუჩა და უბანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე არ დარჩეს.
რომელია ყველაზე პრობლემური კვანძი?
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მოსახლეობაც კარგად ხედავს, რომ ქალაქში ორი ყველაზე პრობლემური კვანძი მარშალ გელოვანის გამზირი და აღმაშენებლის ხეივანია. ეს ორი მონაკვეთი როგორც ტრანსპორტის მხრივ, ისე ინფრასტრუქტურულად რთული და მნიშვნელოვანი გზასავალია. ორივე ტერიტორიაზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ართულებს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კი საავტობუსო ზოლების მოსაწყობად აუცილებელია.
გარდა იმისა, რომ საგზაო სამუშაოები წყლისა და გაზმომარაგების შეწყვეტას გამოიწვევს, რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროშიც გაიწელება, რაც მოსახლეობისთვის უდიდესი კომფორტი იქნება. ამიტომ, ვამუშავებთ სხვადასხვა სქემას, გვაქვს აქტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან, რომ განვიხილოთ ყველა არსებული შესაძლებლობა, ალტერნატიული მარშრუტები და ვადები. როგორც კი კონკრეტული დეტალები გვეცოდინება, მოსახლეობას ვაცნობებთ.
რომელ ფაზაშია სატრანსპორტო რეფორმა და კიდევ რა ღონისძიებები დარჩა განსახორციელებელი?
სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ვახორციელებთ. უამრავი ცვლილების მიუხედავად, რაც სატრანსპორტო რეფორმამ უკვე მოიტანა, უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის ამ ეტაპზე, როდესაც პიკის საათებში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, მუშაობა კვლავ აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რათა შეიქმნას უკეთესი და უსაფრთხო გარემო, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ალტერნატიული მარშრუტები და წახალისდეს ეკომეგობრული ტრანსპორტი.
რეფორმა გრძელდება, რისთვისაც შემუშავდა თბილისის სატრანსპორტო გეგმა. დოკუმენტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს მოიცავს. დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასახული პროექტების დიდი ნაწილი აღსრულების ეტაპზეა, ნაწილი კი სარეკომენდაციო ხასიათისაა და დეტალურ კვლევასა და ანალიზს მოითხოვს. შესაბამისი კვლევების დასრულებისა და ხარჯთაღრიცხვის ანალიზის შედეგად, გვეცოდინება, რომელი პროექტის განხორციელებაა მიზანშეწონილი და რომლის - არა. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა პროექტს დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების ჩართულობით, მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით განვახორციელებთ.
როდის დაიწყება ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა? რას გულისხმობს და რა ეტაპზეა ეს სისტემა? რომელ უბნებში განთავსდება და რა ეფექტს ელოდებით?
პროექტი „მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ 2023 წლის მაისიდან აქტიურ ფაზაში გადავიდა. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა (ITS) მოიცავს რამდენიმე ქვეპროექტს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: სატრანსპორტო ნაკადების მართვის ცენტრის განახლება, როგორც ინსტიტუციურად, ისე ტექნიკურად; ქალაქის მოდულარული პლატფორმის დანერგვა, რომელსაც, პირველ ეტაპზე, დაუკავშირდება ქალაქში არსებული რამდენიმე სისტემა (სახანძრო-სამაშველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, გადაუდებელი დახმარების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ამინდისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი სისტემების, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ ამავე პროექტით გათვალისწინებული სისტემები და ა.შ.).
გარდა ამისა, იგეგმება შუქნიშნების მართვის ერთიანი სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ქალაქში არსებული მოძველებული შუქნიშნის მართვის აპარატურის განახლებასა და აღნიშნულ სისტემაში ჩართვას; შუქნიშნების ადაპტიურ რეჟიმში მუშაობის მოდულის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს შუქნიშნის მუშაობას სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობის მიხედვით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟებისთვის შუქნიშნებზე ავტომატურ რეჟიმში პრიორიტეტულ გავლას.
არსებული ვითარების დეტალურად შესწავლის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან გადავედით დიზაინის ფაზაზე, ხოლო 2025 წლიდან იგეგმება პროექტის ეტაპობრივი იმპლემენტაცია, რომელიც 2028 წელს დასრულდება. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა ქალაქის მასშტაბით დაინერგება, რომლის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების ეკიპაჟების, ასევე, საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების გადაადგილების დრო საგრძნობლად შემცირდება, ეს ყველაფერი კი სატრანსპორტო ემისიებს შეამცირებს და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი