„ყვარლის ღვინის გვირაბი“ - უნიკალური კონცეფცია არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონში, მსოფლიოში, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ყვარლის ღვინის გვირაბის“ ხელმძღვანელმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.
როგორც ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი ამბობს „ყვარლის ღვინის გვირაბი“ 2006 წლიდან დაარსდა, ეტაპობრივად ვითარდება და ახალი სერვისები ემატება.
„ეს არის უნიკალური კონცეფცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით. უნიკალურია იმით, რომ ეს არის მთის მასივში გამოკვეთილი გვირაბების ქსელი. ჯამში 15 გვირაბია, რაც მთლიანობაში ქმნის 7,7 კილომეტრი სიგრძის სივრცეს. ამჟამად „ყვარლის ღვინის გვირაბში“ განთავსებულია მეღვინეობა „ხარებას“ ღვინის საცავი. გვირაბში მუდმივი ტემპერატურა 12-14 გრადუსია და შესაბამისად იდეალური გარემოა შექმნილი ღვინის შესანახად და დასაძველებლად“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.
ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელის შეფასებით მეღვინეობა „ხარება“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და 50 დასახელების ღვინოს აწარმოებს, რისთვისაც 30 ჯიშის ყურძენს იყენებს.
„ყურძნის ჯიშები, მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიის მფლობელობაში არსებულ ვენახებშია გაშენებული. მოსავალს ვიღებთ მთელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და შესაბამისად, აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ერთ სივრცეში ყველა რეგიონის ღვინო დააგემოვნოს. თითოეული რეგიონის ღვინოს აქვს თავისი მახასიათებელი. როდესაც ხდება 4 ტიპის ღვინის დეგუსტაცია, ვიზიტორები აღფრთოვანებულები არიან, რადგან აქვთ შესაძლებლობა ერთდროულად სხვადასხვა გემოსა და განწყობების ღვინო დააგემოვნონ“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.
მისი თქმით მეღვინეობა „ხარება“ მკაცრად აკონტროლებს ღვინის ხარისხს.
„ყვარლის ღვინის გვირაბში“ ვიზიტორებს სთავაზობენ პურის ცხობის, ჩურჩხელისა და გოზინაყის დამზადების მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციას, ასვე შესაძლებელია თიხისგან ქვევრის დამზადება, ხოლო შემოდგომის სეზონზე შეუძლიათ რთველში მონაწილეობა.
„ყვარლის გვირაბის ტერიტორიაზე არის 20 ჰექტარი უნიკალური ვენახი, სადაც ყურძნის 300-მდე ჯიშია. ვიზიტორებს შეუძლიათ ყურძნის კრეფაში მონაწილეობა აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ასევე მათ ვთავაზობთ ვენახში სადილსა და ვახშამს. ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც დახვეწილი კერძებითა და საინტერესო ხედებითაა ცნობილი და საკმაოდ მიმზიდველია ტურისტული კომპანიებისთვის მომსახურება არის მაღალი კლასის და წლიდან-წლამდე ვაუმჯობესებთ სერვისს“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.
მისი ინფორმაციით, 2024 წელს წინა წელთან შედარებით „ყვარლის ღვინის გვირაბს“ უფრო მეტი ადამიანი ესტუმრა.
„ტურისტების აქტივობა წელს იყო მაღალი. ჩვენი სივრცე იმდენად საინტერესოა, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვსტუმრობენ. კორპორაციული მიმართულებით ვძლიერდებით. ვგეგმავთ რამდენიმე ახალ პროექტს, რომელიც გლობალურ დონეზე განაცვიფრებს ადამიანებს. გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ „ყვარლის ღვინის გვირაბი“ ახალგაზრდობის მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.
უახლესი