ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა MONEYVAL-ის შეფასება, ეს გახლავთ ევროპის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც თვალყურს ადევნებს ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, - ასე გამოეხმაურა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა MONEYVAL-ის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებების დადებითად შეფასებას.
თურნავას თქმით, ეს არის სებ-ის და მისი გუნდის ნაყოფიერი მუშაობის შედეგების აღიარება.
„სებ-ი ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების ზედამხედველობას ახორციელებს, ანუ იმ ორგანიზაციების, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ვირტუალურ/კრიპტო აქტივებთან. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი ზედამხედველობის ჩარჩო სწორედ ფულის გათეთრების მიმართულებით. ეს არის მაღალი აღიარება, აღიარება ჩვენი გუნდის ეფექტური მუშაობის. საინტერესოა, რომ MONEYVAL-ის მიერ შეფასებული ევროსაბჭოს წევრი 27 ქვეყნიდან, მხოლოდ 7 ქვეყანას და ახლა უკვე მათ შორის საქართველოს გააჩნია ასეთი მაღალი შეფასება ამ თვალსაზრისით. ეს არის არსებითი ფართო შესაბამისობა ჩარჩოსთან, ჩვენს ჩარჩო კანონმდებლობასთან. ვფიქრობ, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღიარებაა, რომელიც მეტ სტიმულს მოგვცემს, რომ ჩვენმა გუნდმა ან მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს“, - განაცხადა თურნავამ.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ (Largely Compliant) გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ Moneyval-ის შეფასებით, ევროსაბჭოს 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს „მნიშვნელოვნად შესაბამისი“(Largely Compliant) შეფასება აქვს.
Moneyval-ის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას“.
ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მხარდაჭერა.
ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივითა და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ინსპექტირებისა და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების მნიშვნელოვანი ჩართულობით არაერთი ღონისძიება განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა