ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის ფასები არ გაიზარდოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა გასულ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაციასთან ბრძოლა იყო.
„მაღალი ინფლაცია იყო მთავარი პრობლემა და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ უწყებებს, ეკონომიკურ გუნდს და მნიშვნელოვანი კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეს ქვევით დაგვეჭირა. ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს საშუალო წლიური ინფლაცია 0,8%, რაც სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება.
ეს მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, ასევე მომავალი მნიშვნელოვანი ეკონომიური გადაწყვეტილებებისთვის სივრცეს გვაძლევს, რადგან სხვა შემთხვევაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი გაგვიჭირდებოდა, რადგან ინფლაცია იქნებოდა დიდი გამოწვევა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინფლაცია სხვა ქვეყნებში კვლავ რჩება გამოწვევად.
„ბევრ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა და საკმაოდ მკაცრია ბევრი წამყვანი ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა. მეზობელ თურქეთზე არაფერს ვიტყვი, სადაც 60%-ია ინფლაცია. საქართველოში არსებული ვითარება იძლევა შესაძლებლობას, რომ ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, შეგვიძლია 2024 წლის ეკონომიკაში ოპტიმისტური პროგნოზები გვქონდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
უახლესი