საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ახალბედა თუ გამოცდილ მეწარმე ქალს ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში შეძენილი უნარებით კი მონაწილე ქალები იდეიდან წარმატებული ბიზნესის შექმნას ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას სწავლობენ, რადგან პროექტის მიზანი ქალების ეკონომიკური მხარდაჭერა და მათი გაძლიერებაა.
ქეთი მელაძე, რომელსაც ორიგინალური ბიზნესის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში მოუვიდა და განახორციელა კიდეც, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ბრენდ ქეთო‘ს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას დღეს უკვე ბევრი იცნობს, თუმცა თავიდან წიწაკის ჯემების წარმოება სხვადასხვა ხილის არომატით სწორედ ქეთიმ გადაწყვიტა და საინტერესო ისტორიაც ასე დაიწყო.
"ქეთო’ს ბრენდი პანდემიის პერიოდში შეიქმნა. იმ დროს ბაზარზე ისეთი უცხო მურაბები და ჯემები არ იყო, როგორებსაც მე ვაწარმოებ. პირველი ვიყავი, ვინც ხილს მწვანილი და ბოსტნეული შეურია, შედეგად კი საოცარი გემო მიიღო. ასევე, დავიწყე წიწაკის ჯემების წარმოება სხვადასხვა ხილის არომატით. ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რთულია. მოგეხსენებათ, როგორი გურმანები ვართ და გემოს რეცეპტორები როგორ გვაქვს განვითარებული. ცოტა მეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარულიც მალევე გახდა. ამან მომცა დიდი სტიმული, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა. ამჟამად ვამარაგებ მაღაზიებს, ქსელურ მარკეტებს და ასევე მაქვს ჩემი შოურუმი. ვაპირებ, შევქმნა ახალი გემოები და უფრო დიდ ბაზარზე გავიდე. პერიოდულად, საქართველოს ბანკის მასტერკლასებს ვესწრებოდი, შემდეგ კი გადავწყვიტე, ცოდნა გამეღრმავებინა და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მოვხვედრილიყავი”, — ამბობს ქეთი მელაძე.
ქეთიმ მიზანს მალევე მიაღწია და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილე გახდა. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელს ითვალისწინებს, რაც იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრული ციკლის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად კი, პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. წამყვანი ექსპერტები თეორიულ ცოდნასაც მოგაწვდიან და მის პრაქტიკაში განხორციელებაშიც დაგეხმარებიან. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უშუალოდ მონაწილეობის პერიოდის შესახებ შთაბეჭდილებები ქეთიმაც გაგვიზიარა.
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ ჩემი მეგობარი მეწარმეებისგან გავიგე, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს და საოცრად კმაყოფილები იყვნენ. მეც მინდოდა, მსგავსი გამოცდილება მქონოდა და სიახლეებს გავცნობოდი. შემდეგ სოციალურ ქსელში დაიდო განაცხადი, შევავსე და მეოთხე ნაკადში მოვხდი. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ გავიგე. არაჩვეულებრივი ტრენერები გვყავდა, რომლებიც მთელ გულს და სულს დებდნენ იმაში, რომ ინფორმაცია სრულყოფილად გადმოეცათ და ჩვენამდე მოეტანათ, რაც შემდეგში დამეხმარა, რომ ეს ცოდნა ჩემი ბიზნესისთვის მომერგო. ასევე, გავიცანი საინტერესო და კრეატიული მეწარმეები, რამდენიმესთან კი თანამშრომლობა დავიწყე”, — დასძინა ქეთი მელაძემ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის პრიორიტეტები ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაცაა. ამ მიზნის მისაღწევად კი, პროექტის განმავლობაში გრანტის მიღების შესაძლებლობაც მოგეცემათ. გარდა ამისა, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობისას სხვა მეწარმეების გამოცდლების გაზიარება გაიზიარებთ და შეხვედრებზე წარმატებული ბიზნესების ლიდერების გაცნობაცაა შესაძლებელი. ქეთიმ მომავალი პარტნიორები სწორედ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში იპოვა, თუმცა ბრენდ ქეთო’ს შემქმნელი კვლავ არ ჩერდება და მიზნების მისაღწევად მოტივაციას სხვა მეწარმე ქალებსაც აძლევს.
“ჩემი სამომავლო გეგმაა, გავიდე უფრო ფართო მასშტაბებზე, შევქმნა ახალი გემოები და ქეთო’ს ბრენდი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი უფრო თავდაჯერებულს გხდის და ბიზნესის სწორად მართვაშიც გეხმარება. მინდა, ქალებისთვის მაგალითი ვიყო, ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს. წარუმატებლების გამო არ უნდა დავეცეთ, პირიქით, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ უფრო გავძლიერდეთ და უდიდეს წარმატებას მივაღწიოთ”, — აღნიშნა ქეთი მელაძემ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადმა უკვე გაიარა ინტენსიური ტრენინგების ეტაპი. პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს.
უახლესი