დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაგთიკომი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია - ევროკავშირის ექსპერტები

მაგთიკომი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორია - ევროკავშირის ექსპერტები

16-04-2024 16:19:00

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შპს „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორია, რის გამოც მას მობილური მომსახურების ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შექმნის მიზნით, შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დაეკისროს, რომლის ფარგლებში კომპანიამ თავის ინფრასტრუქტურაზე სხვა მსურველი კომპანიები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას.

მობილური მომსახურებების საცალო ბაზრის ანალიზის ფარგლებში დადგინდა, რომ ბაზარი განიცდის სტაგნაციას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში 10% გაიზარდა ხოლო შემოსავლები 45%. ამის ფონზე კი, „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და როგორც 2022, ისე 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ხოლო ARPU, იგივე ერთი მომხმარებლისგან შემოსული საშუალო შემოსავლის მაჩვენებელი - „მაგთიკომისთვის“ 2022 წელს 14 ლარს, „სილქნეტისთვის“ 12-ს, „სელფი მობაილისთვის“ კი 8 ლარს წარმოადგენდა. 2022 წლიდან ბაზარს ახალი მობილური ვირტუალური ოპერატორი „ჰალო“ დაემატა, რომლის ARPU-ს მაჩვენებელი 8.5 ლარს უტოლდება.

გარდა ამისა, კომპლექსური კვლევის მიხედვით, „მაგთიკომის“ მნიშვნელოვან ძალაუფლებაზე მეტყველებს ისიც, რომ 2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 51%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებს, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%-ს „სელფი მობაილისთვის“ კი 19%-ს უტოლდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მობილური ინტერნეტის მოხმარება 592%-ით გაიზარდა, „მაგთიკომი“ კი ამ პერიოდის განმავლობაში, უცვლელად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. ამასთან საგულისხმოა, რომ 2022 წლისთვის „მაგთიკომი“ თავის ქსელში „სილქნეტთან“ შედარებით 69%-ით მეტს, ხოლო „სელფი მობაილთან“ შედარებით 178%-ით მეტ ინტერნეტ ტრაფიკს ატარებდა. კერძოდ „მაგთიკომი“ - 232 პეტაბაიტს ატარებდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩენებელი „სილქნეტისთვის“ – 137-ს, „სელფი მობაილისთვის“ 83-ს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ „მაგთიკომი“ მობილური დაშვების საბითუმო ბაზარზე, დანარჩენ ოპერატორებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობს.

ამასთან, კვლევით დადგინდა, რომ 2019-2022 წლებში „მაგთიკომმა“ კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად: აღნიშნულ პერიოდში დამატებული საბაზო სადგურების რაოდენობის 58.6% „მაგთიკომზე“ მოდის, როცა „სილქნეტის“ და „სელფი მობაილის“ წილები 35.4%-ს და 6.1%-ს შეადგენს. თითქმის ორჯერ მეტია „მაგთიკომის“ წილი აპარატურაზე გაწეული დანახარჯების კუთხითაც, ვიდრე „სილქნეტისა“ და „სელფის მობაილის“ შემთხვევაში. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს „მაგთიკომის“ სიმძლავრესა და დიდ პოტენციალზე.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, ევროკავშირის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „მაგთიკომი“ ბაზარზე დიდი უპირატესობით სარგებლობს და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე (SMP) ოპერატორია, ვინაიდან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კრიტიკულად დიდი უპირატესობა აქვს კონკურენტებთან შედარებით - როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის კუთხით. ექსპერტებმა აღნიშნეს ისიც, რომ ბოლო წლების ტენდენციიდან გამომდინარე, არ არის მოსალოდნელი, რომ „მაგთიკომი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენილი ზღვრის - 40%-ის ქვემოთ ჩამოვა ან „სილქნეტი“ და „სელფი მობაილი“ შემოსავლებითა თუ აბონენტების რაოდენობით ბაზრის 40%-იან წილს მიაღწევენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები